თვითმმართველობის არჩევნები 2017

უდუმაშვილი ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს. 

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ის ელისაშვილს სრულ დახმარებას სთავაზობს და თუკი დამოუკიდებელი კანდიდატი შეთავაზებას დათანხმდება, ხვალ დილიდან მისი შტაბი მხარდამჭერების მობილიზებას დაიწყებს, რათა ხელმოწერები "უმოკლეს ვადაში შეგროვდეს".

"საუბარია, კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც ალეკო ელისაშვილი ვალდებულია, 1 კვირის ვადაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. მე ვაცხადებ, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში ქართული ოცნება. ამისათვის კი აუცილებელია ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები,"- ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

უდუმაშვილი სხვა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თვითონაც დაეხმარნონ ალეკო ელისაშვილს, რადგან მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანა ქართული ოცნების დამარცხებაა. 

ალეკო ელისაშვილმა დღეს თქვა, რომ ცესკო-მ მიიღო "უსინდისო გადაწყვეტილება", როცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისათვის 10 000 ხელმოწერის შესაგროვებლად 1 თვის ნაცვლად, 1 კვირა გამოიყო, თუმცა ამის მიუხედავად, მხარდამჭერებთან ერთად უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. 

ელისაშვილის პასუხად კი ცესკო-მ განაცხადა, რომ ხელმოწერების შეგროვებისა და კომისიისთვის ჩაბარების ვადებს ადგენს არა თვითონ, არამედ საარჩევნო კომისია. 

კომენტარები