ენერგეტიკა

Inter Rao საქართველოსგან $175 მილიონის კომპენსაციას მოითხოვს

facebook.com/pg/interrao

რუსულმა ენერგოგიგანტმა Inter Rao-მ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კომერსანტი ავრცელებს. კომპანია მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საქართველოსგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის $175 მილიონი დოლარით ანაზღაურებას ითხოვს.

მაისში სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილი სარჩელით კი Inter Rao საქართველოსგან $125 მილიონს ითხოვდა.

Inter Rao ფლობს სს "თელასი"-ს აქციათა 75%-ს, ხოლო სს "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2"-ის 100%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული ორი სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში.

ინტერ რაო ითხოვს ანაზღაურებას ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალისა, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა სემეკის მიერ ტარიფის დათვლის დროს. ზოგადად, საქართველოში არსებული სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგების ტარიფში კომპენსირებას. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ინტერ რაო ქართულ აქტივებს ფლობდა ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიების გავლით ის მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების დაცვას მოითხოვს.

სარჩელის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენამდე, ინტერ-რაომ პრეტენზიები წარადგინა საქართველოს მთავრობის წინაშე, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები