ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტში მეორე ტერმინალი აშენდება - პროექტის ღირებულება 23 მილიონია

kutaisiairport.ge

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" უკვე გამოაცხადა. 

პროექტის მიხედვით, ახალი ტერმინალის ღირებულება 23 მილიონი ლარი იქნება და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 6 თვეში ქუთაისის აეროპორტის პოტენციალი დაახლოებით გაორმაგდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წელს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 86%-ით არის გაზრდილი.

2016 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი.

ქუთაისის აეროპორტის უპირატესობა თბილისის აეროპორტთან შედარებით არის ავიაკომპანიებისთვის დაწესებული დაბალი მოსაკრებელი, რის გამოც, აღნიშნული აეროპორტიდან ე.წ. "ბიუჯეტურ" ავიაკომპანიებს შეუძლიათ რეისების შესრულება.

დღეისთვის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს. ყველაზე მეტ რეისს უნგრული Wizzair ასრულებს.

აეროპორტის ოპერატორია სახელმწიფო კომპანია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება."

კომენტარები