ტრანსპორტი

რობოტი გემის ექსპერიმენტმა გლობალური სანაოსნო ინდუსტრია შესაძლოა, შეცვალოს


ფოტო: flickr.com

2019 წელს დისტანიციურად მართვადი გემი სატესტო გაცურვას შეასრულებს. პროექტი წარმატების შემთხვევაში გლობალურ სანაოსნო ინდუსტრიას გარდაქმნის.

იაპონიის უმსხვილესი სატვირთო გადამზიდი კომპანია Nippon Yusen გეგმავს წყნარი ოკეანის მარშრუტზე 2019 წელს გაუშვას პირველი სატვირთო გემი, რომელიც სრულად დისტანციურად იქნება მართული. ამ ნაბიჯით კომპანია სატვირთო გადაზიდვების არსებული სისტემის სრულად შეცვლას გეგმავს.

პროექტის მიხედვით, დიდი ზომის კონტეინერმზიდი აღიჭურვება თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სისტემებით და ის იაპონიიდან აშშ-ის სანაპიროებამდე ტოკიოში არსებული დისტანციური კონტროლის ცენტრის მითითებების მიხედვით ჩავა. Bloomberg-ის ცნობით, პირველ ხომალდზე უსაფრთოებისთვის რამდენიმე კაცისგან შემდგარი პერსონალიც იქნება, თუმცა მათი ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გახდება საჭირო.

დისტანციურად მართვადი ხომალდების ფართოდ გავრცელების შემთხვევევაში კომპანიებს სატვირთო გადაზიდვების ღირებულების დაწევა შეეძლებათ, რაც გლობალურ ვაჭრობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

კომპანია არამხოლოდ დისტანციური კონტროლის, არამედ ავტონომიური მართვის ფუნქციების განვითარებას გეგმას, რის შედეგადაც ხომალდი ზღვაში თვითმფრინავის ავტოპილოტის მსგავსი პროგრამის მეშვეობით იმოძრავებს და საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებს ავტონომიურადაც მიიღებს. 

პროექტს მხარს იაპონიის მთავრობაც უჭერს. ქვეყანა ამავდროულად ასეთი ტიპის გემებისთვის საჭირო რეგულაციების სტანდარტების შექმნაზეც მუშაობს. პროექტის მიხედვით იაპონიას 2025 წლისთვის 250-მდე დისტანციურად მართვადი გემი ექნება.

კომენტარები