იაპონია

იაპონიამ მოსახლეობას ჩრდილოეთ კორეული რაკეტის გასროლის შესახებ SMS-ით აცნობა

kcna

მილიონობით იაპონელმა დღეს დილით იაპონიის მთავრობისაგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. მთავრობამ მოსახლეობა sms-ით მოსალოდნელი თავდასხმის რისკის შესახებ გააფრთხილა. რამდენიმე წუთში მოსახლეობამ მორიგი sms მიიღო, რომლითაც მათ აცნობეს, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ჩრდილოეთ კორეული რაკეტა ზღვაში ჩავარდა.

დილით, იაპონიის დროით 06:00 საათზე, ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულმა რაკეტამ იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილს, კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვაში ჩავარდა.

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ჩრდილოეთ კორეის ამ ქმედებას იაპონიისათვის უპრეცედენტო საფრთხე უწოდა. მოსალოდნელია, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ საპასუხოდ საგანგებო სხდომა გამართოს.

ოფიციალური განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ სამი რაკეტა გაუშვა, თუმცა მათი ტრაექტორიები უცნობი იყო. იაპონიის ოფიციალური სააგენტოების განცხადებით რაკეტა ზღვაში ჩავარდნამდე სამ ნაწილად დაიშალა.

მომხდარის შესახებ პრემიერმა სინძო აბემ პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათ ისაუბრეს ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაზრდაზე. პრემიერის განცხადებით, ტრამპმა მას უთხრა, რომ ამერიკა 100%-ით მხარში უდგას იაპონიას. ამავდროულად პენტაგონმა განაცხადა, რომ ეს რაკეტა უშუალოდ ამერიკის შეეთებული შტატებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და რომ ისინი მუშაობენ მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად.

აღსანიშნავია, რომ იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ახლახანს დაასრულეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჰოკაიდოში და ცოტა ხანში სამხრეთ კორეაში ათასობით ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედრო დაიწყებს ყოველწლიურ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

ჩრდილოეთ კორეა ამ წვრთნებს პროვოკაციულად აფასებს და მათ თავდასხმისთვის მზადებად მიიჩნევს.

კომენტარები