კრიმინალი

პიქსელის შენობასთან დაჭრილი ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა, კაცი კლინიკიდან გაწერეს

ტაბულა

თბილისში, პიქსელის შენობასთან დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მამაკაცი კი, კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ტაბულას რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს.

„ქალბატონი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ჯერჯერობით, სტაბილურად მძიმეა მისი მდგომარეობა. მამაკაცი უკვე კლინიკიდან გაწერილია, როგორც მე ვიცი“, - ამბობენ პრესსამსახურში.

ამ დრომდე უცნობია, დაკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა მამაკაცი. რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ტაბულამ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა, უწყებაში ამ ეტაპზე ამის შესახებ არ საუბრობენ.

ვაკეში, პიქსელის შენობასთან, მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით 6 სექტემბერს დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი არიან. 

როგორც თვითმხილველმა ტაბულას უთხრა, მამაკაცმა ქალს ზურგში რამდენჯერმე დაარტყა დანა, შემდეგ კი ყელი გამოიჭრა. მისივე ინფორმაციით, ქალი შენობის დაცვის თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 19 - 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები