მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის და მისი მომხრეების აქცია დასრულდა

UNIAN

მიხეილ სააკაშვილი კიევიდან ჩერკასის ოლქში გაემგზავრება, შემდეგ კი მთელ უკრაინაში იმოგზაურებს. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის შემოვლას დაასრულებს, 17 ოქტომბერს, მხარდამჭერებთან ერთად ისევ კიევში დაბრუნდება, აქციას გამართავს და უკრაინელებს რეფორმების გეგმას წარუდგენს. სააკაშვილის განცხადებით, რეფორმები კორუფციისგან თავისუფალი სასამართლოს შექმნას, პრეზიდენტის იმპიჩმენტის კანონის მიღებას და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს. მისივე თქმით, ის არ აპირებს, არჩევნებში რამე ფორმით მონაწილეობის მიღებას, თუმცა მზად არის, სათავეში ჩაუდგეს რეფორმატორების გუნდს, რომლებიც შემდგომში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში შევლენ და ამ რეფორმებს განახორციელებენ. 

სააკაშვილმა დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე იმ დოკუმენტების გადაცემაც მოითხოვა, რომელთა საფუძველზეც პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. 

„წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ შვებულებაში და სანამ შვებულებაში იმყოფებით, სამსახურიდან გითხოვენ, თქვენ ჩამოდიხართ და ითხოვთ თქვენი შრომის წიგნაკი მოგცენ, მაგრამ ყოფილი დამსაქმებელი გპასუხობთ, რომ აქ აღარ მუშაობთ და არანაირ შრომის წიგნაკს არ მიიღებთ - ზუსტად ასე მომექცნენ მეც, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ, როგორ უნდა მივიდე სასამართლოში, როდესაც არ მაქვს არანაირი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს? მე ვვარაუდობ, რომ ასეთი დოკუმენტი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. რატომ ვიბრძვი ამისთვის? წარმოიდგინეთ, როგორ ექცევიან ისინი რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემგან განსხვავებით დეპუტატებს შორის მეგობრები არ ჰყავთ. ამდენი კამერა ესწრება ჩემს გამოსვლას, ამდენი მასალა იწერება მსოფლიოში, ხელისუფლება კი მაინც თაღლითობს”, - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები