სპორტი

"ვამაყობ, რომ ასეთი ძლიერი სხეულით დავიბადე" - სერენა უილიამსის წერილი დედას

0 კომენტარი
ფოტო: https://www.celebfamily.com/sports/serena-williams.html

მსოფლიო ჩოგბურთის ამერიკელმა ვარსკვლავმა სერენა უილიამსმა დედამისს, ჩოგბურთის მწვრთნელ ორაკენ პრაისს, სამადლობელი წერილი მოუძღვნა.

წერილში უილიამსი, დედას გამძლეობისა და თანადგომისთვის უხდის მადლობას და იმედს იტოვებს, რომ დედობას თვითონაც წარმატებით გაართმევს თავს. სერენა უილიამსი დედა ერთი თვის წინ გახდა. მას ქალიშვილი, ოლიმპია შეეძინა.

მიუხედავად იმისა, რომ წერილში სერენა უილიამსი კონკრეტულ სახელებს არ ახსენებს, გულშემატკივრები და კრიტიკოსები თვლიან, რომ ამერიკელმა ჩოგბურთელმა წერილით დიდი ხნის მეტოქეს მარია შარაპოვასაც უპასუხა.

მარია შარაპოვამ თავის მემუარებში, რომელიც გაყიდვაში 12 სექტემბერს გამოვიდა, არაერთხელ ახსენა ამერიკელი ჩოგბურთელი და აღნიშნა, რომ უილიამსი ბევრად უფრო ძლიერი და მაღალია, ვიდრე ტელევიზორში ჩანს და ხაზი უილიამსის მსხვილ მკლავებსა და ფეხებს გაუსვა.

მარია შარაპოვამ მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს მოახერხა სერენა უილიამსის დამარცხება, მას შემდეგ კი, უილიამსმა შარაპოვას ზედიზედ 18-ჯერ სძლია.

გთავაზობთ სერენა უილიამსის წერილს:

"ძვირფასო დედა,

შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ, ვისაც კი ვიცნობ. ჩემს ქალიშვილს ვუყურებ (ღმერთო ჩემო, ქალიშვილი მყავს) და მას ჩემსავით ძლიერი მკლავები და ფეხები აქვს. ზუსტად ისეთივე დაკუნთული და ძლევამოსილი მკლავები და სხეული, როგორც მე. არ ვიცი, რა რეაქცია მექნება, მას რომ იგივე სირთულეების დაძლევა მოუხდეს, რისი დაძლევაც მე 15 წლის ასაკიდან დღემდე მიხდება.

მე კაცს მეძახდნენ, იმიტომ რომ გარეგნულად ძლიერი ვიყავი. ამბობდნენ, რომ ნარკოტიკების (დოპინგის) მომხმარებელი ვარ (არა, არასდროს მოვქცეულვარ ცუდად და აქედან სარგებელი არასდროს მიმიღია). ამბობდნენ, რომ მე ქალ სპორტსმენებს არ მივეკუთნები, იმიტომ რომ სხვა სპორტსმენ ქალებზე უფრო ძლიერად გამოვიყურები. (არა, მე უბრალოდ ბეჯითად ვმუშაობ და ვამაყობ იმით, რომ ასეთი ძლიერი სხეულით დავიბადე).

და, დედა, არ მესმის, როგორ შეძელი, ყურადღება არ მიგექცია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასე ჯიუტად არ აღიარებდა შავკანიანი ქალის ძალას.

თუმცა მე ვამაყობ, რომ შევძელით მათთვის გვეჩვენებინა, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ქალი. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. ხუჭუჭები, ძლიერები, მაღლები, დაბლები, პატარები და ეს მცირე ჩამონათვალია, მაგრამ ჩვენ ყველანი ქალები ვართ და ვამაყობთ ამით!

მე, მხოლოდ ის მსურს, რომ შევძლო შენნაირი ვიყო. მე ვცდილობ და ღმერთი ჯერ კიდევ მაძლევს დროს. წინ კიდევ დიდი გზა მაქვს და მადლობა შენ.

მადლობა, რომ მისაბაძი ადამიანი იყავი და ყოველთვის ახერხებდი დახმარებას, როცა მიჭირდა, როცა ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე ვიდექი.

იმედი მაქვს, რომ შევძლებ, ჩემს შვილს, ოლიმპიას, მივცე ის, რაც შენ მე მომეცი - სულის სიმტკიცე.

დედა, დამპირდი, რომ გააგრძელებ ჩემს დახმარებას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯერ შენსავით მშვიდი და ძლიერი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, ერთ დღეს გავხდები.

მე შენ ძალიან მიყვარხარ!

შენი ნაბოლარა, 

სერენა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები