მანიაკალურ-დეპრესიული ქართველობა

ლაშა ხეცურიანი
0 კომენტარი

"რა აიძულებს კაცს, თავისი ქვეყნისთვის ომში წავიდეს და თავი გაწიროს", - კითხულობს ნობელის პრემიის ლაურეატი ელიას კანეტი თავის ჯგუფის ფსიქოლოგიის შემსწავლელ ფუნდამენტურ ნაშრომში "მასა და ძალაუფლება“ - რა არის ის განსაკუთრებული, რომელიც მუდმივად თვლემს ერის ცნობიერებაში და დროდადრო (ომის დაწყების შემთხვევაში) რელიგიური რწმენის მსგავსად გამოვლინდება"?

ავტორს აინტერესებს თუ რა განაპირობებს ეროვნულ მიკუთვნილებას, როგორ ფორმირდება პიროვნებაში "ქართველობის", "სომხობის" თუ "გერმანელობის" განცდა.

ელიას კანეტისთვის, და ამაში მას ილია ჭავჭავაძეც დაეთანხმებოდა, ეროვნული თვითშეგნების წარმომშობი "ენა, მამული, სარწმუნოება“ არ არის. ენას, მხოლოდ ამ ადამიანისთვის გასაგებ სიტყვას, რაღაც დაძაბულობა კი შემოაქვს მის ცნობიერებაში (განსაკუთრებით მასობრივი მღელვარებების დროს, მაგალითად, როცა "ენას გვართმევენ“), მაგრამ სამშობლოს დასაცავად წასული პიროვნების უკან „დედა ენა “არ დგას. მას არც საკუთარი ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრები უბიძგებენ თავგანწირვისკენ. საშუალო სტატისტიკური ადამიანი მეტნაკლებად გულგრილია საკუთარი ქვეყნის საზღვრების მიმართ და "ჩიტი-ჩიორას" შემქმნელ ერს ეს კარგად მოეხსენება.  

საშუალო სტატისტიკურმა ერისშვილმა არც თავისი ქვეყნის ისტორია იცის, წარსულის შესახებ მხოლოდ რამდენიმე სახელი და გახმაურებული მომენტი თუ ექნება ყურმოკრული. ზოგადად, ისტორია, ადათი, წეს-ჩვეულება, ტრადიცია, ლიტერატურა და ა.შ. ეროვნული ცნობიერების გამოვლინებას წარმოადგენენ და არა მის წარმომშობ მიზეზს. ამის კარგი მაგალითია შვეიცარია.

მიჩნეულია, რომ ნაციონალური მონოლითურობით შვეიცარია ბევრად მაღლა დგას ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე, საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა, ეს არის ორ რელიგიურ კონფესიად გაყოფილი ოთხ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე 26 ოლქისგან შემდგარი სახელმწიფო. პატრიოტული გრძნობა შვეიცარიელებში უფრო ძლიერად არის განვითარებული, ვიდრე ერთ ენაზე მოლაპარაკე ერებში. „ვერც ერთიანი ენის არქონამ, ვერც ქვეყნის შიდა ტერიტორიულმა დაყოფამ, ვერც სოციალური სტრუქტურების განსხვავებამ, ვერც რელიგიურმა საზღვრებმა და თვით ომებმაც კი, რომელთა ხსოვნა ჯერ კიდევ ცოცხლობს, ვერ შეარყია შვეიცარიელთა ეროვნული თვითშეგნება და ერთიანობა“- წერდა ელიას კანეტი 60 წლის წინ და ეს სიმართლეა დღესაც.

კანეტისთვის ეროვნულობის განცდის წარმომშობია ფენომენი, რომელსაც მანვე "ჯგუფის სიმბოლო" უწოდა - “ყოველ ერს, რომლის თანაზიარიც ადამიანია, აქვს თავისი მასობრივი სიმბოლო. ამ სიმბოლოს მუდმივობით, იმით, რომ იგი ყოველთვის საჭირო მომენტში წამოტივტივდება ხოლმე, გამოიხატება ერის თვითშეგნების უწყვეტობა".

ამგვარი სიმბოლური სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფაქტიურად ყველაფერს - ბუნებრივ მოვლენას და რესურსს (ცეცხლი, წვიმა, ტყე, ზღვა.), ზეპირსიტყვიერებაში თუ ისტორიულ ანალებში შემონახულ წარმოდგენებს (“ეგვიპტიდან გამოსვლა” ებრაელებისთვის), რეალურ ისტორიულ ფაქტს, ურთიერთობის ფორმას და ა.შ.

"ეროვნულ მასობრივ სიმბოლოს" ამ ერისთვის დამახასიათებელი დინამიურობა, რიტმი, განმუხტვა, ერთსულოვნება თუ მისი ნაკლოვანება გააჩნია და ნაციონალური ხასიათის შექმნაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ზოგიერთი ერის კანეტისეულ დახასიათებას შესატყვისი ეროვნული სიმბოლოების საშუალებით:

ინგლისელისთვის ნაციონალურ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა ზღვა. ზღვა, როგორც სტიქია, რომელიც უნდა მოითოკოს და იმართოს. ზღვისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება განსაზღვრავს ინგლისელის ხასიათს, ის თავის თავს ხედავს მარტოსულ, ეკიპაჟისგანაც კი განცალკევებულ კაპიტნად გემზე. “ინდივიდუალიზმი და ზღვაზე მბრძანებლობა გამოხატავს ინგლისელის არსს“.

ესპანელი, ზღვასთან შეჭიდებული ინგლისელისგან განსხვავებით, თავს მატადორად წარმოიდგენს და ღია არენაზე მითოსურ ურჩხულს ებრძვის. მებრძოლი შიშმა არ უნდა შეიპყროს, რაინდული წესები და თავდაჭერილობა გადამწყვეტია ასობით მომზირალის თვალის და გულის მოსაგებად.  

გერმანელის ეროვნული სიმბოლო კი ტყეა. ინგლისელი თუ ზღვაში წარმოიდგენს თავს, გერმანელი ტყეშია და ტყეზე ოცნებობს. ერთმანეთის მსგავსი, თუმცა სიმაღლით და მოცულობით განსხვავებული ხეები, მათი სიხშირე და აურაცხელობა, გერმანელის გულს ღრმა და იდუმალი სიხარულით ავსებს. ხეების მწყობრში მდგომი ის თავს უშიშრად და შეუვალად გრძნობს. "ხეთა რიგს, ხეთა ჯარს“ ისეთივე დაცულობის განცდა შეუძლია გამოიწვიოს, როგორც მწყობრი ნაბიჯით მიმავალ სამხედრო შენაერთს. “გერმანელის ჯარი - ეს მარშით მიმავალი ტყეა”.

შვეიცარიის ნაციონალური სიმბოლო კი მთაა. ყოველი მხრიდან თვალშისაცემი, ერთმანეთში გადახლართული ალპური სარტყლის ქედები ბადებენ მასში ეროვნული ერთსულოვნების და უსაფრთხოების განცდას.

სამწუხაროდ, კანეტი ქართველებზე ამ მხრივ არაფერს ამბობს. ამიტომ, შევეცდები ეს სიცარიელე ქართული ნაციონალური სიმბოლოს შესახებ ჩემეული ხედვით შევავსო.   

დიდი აღმოჩენა არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ღვინის სამშობლოდ წოდებულ საქართველოში ვაზს განსაკუთრებული (არა მხოლოდ რელიგიური) სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეროვნული თვითშეგნების განმაპირობებელი ფუნქციაც სწორედ მასში უნდა მოვიძიოთ.

ვაზის, როგორც "ეროვნული სიმბოლოს“ დატვირთვა უფრო ღვინის, თრობის, რიტუალური "ქეიფის“ გამოხატულებაზე გადის. ქართველი თავისთავს ხედავს სუფრაში, თრობის ეიფორიის და გამოფხიზლების ტკივილის მონაცვლეობაში. გამორჩეულად ქართული ეროვნული თვისება, საკუთარი თავის (ერის) ბიპოლარული შეცნობა, თან გაღმერთება და მალევე გაცამტვერება, საეჭვო პარალელშია ღვინის (სუფრა, ვაზი) აგზნება-გამოფხიზლების დინამიკასთან, როცა თრობის (მეგალო)მანიაკალურ აღტკინებას მოსდევს ნაბახუსევის თვითგვემამდე მისული თავის გაუფასურება.  

მცირე ხნის წინ გარდაცვლილი ქართველი მწერალი, პაატა ცანკაშვილი, თავისი რომანის პროტაგონისტის პირით ამბობს - "ხომ ყველა დიდებული ყველა დიდებულის ნათესავია საქართველოში? მაგრამ სიკვდილისთვის თვალის დაუხამხამებლად იმეტებენ ერთმანეთს. მერე კი ერთადვე იგლოვენ და ჭმუნვენ. შეიძლება, მხოლოდ წესს იცავენ და გული მშვიდად აქვთ. შეიძლება. მაგრამ მეჩვენება, რომ მათი გულაღტკინება სიცოცხლის პირისპირ ფარსია სიკვდილის პირისპირ გულამოსკვნილებისა. ერთსაც უზომოდ განიცდიან და მეორესაც. იქნებ ძველ ბერძენთა სათაყვანებელი ზომიერების ნაკლებობა აღალატებს ქართველს ყველაზე მეტად? “.

ზომიერებას ქართული სუფრა არ იცნობს, ზომიერების ნაკლებობა ქართული ნაციონალური სიმბოლოს (ვაზი) აუცილებელი შინაგანი მდგომარეობაა. თრობა-გამოფხიზლება პოლარულად განსხვავებულ და ერთნაირად გამძაფრებულ ემოციებს წარმოქმნიან. გაუწონასწორებლობა, ეგზალტირებული, აწეული ან მისი საწინააღმდეგო დეპრესიულ-მელანქოლიური ემოციური ფონი ქართული ურთიერთობის ყველა ფორმაში ვლინდება მეტნაკლებად.  

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, კანეტის ქართული ეროვნული სიმბოლო არ აღუწერია. თუმცა „მასა და ძალაუფლება“-ში ჯგუფური ქცევის ერთერთი სახის სადემონსტრაციოდ განხილული აქვს ქართული ხალხური ზღაპარი. ეს ზღაპარი  ("ოსტატი და შეგირდი“) მოყვანილია საგულისხმოდ დასათაურებულ თავში -  "გაქცევის ტრანსფორმაცია, ისტერია, მანია და მელანქოლია".

"გაქცევის“ მოდუსში ყოფნა ქართველობის, როგორც ჯგუფის, კარგად გათავისებული მდგომარეობაა. ქართული ისტორია სხვა არაფერია, ვიდრე მტრისგან (მდევნელისგან) წარმოშობილი ხიფათისაგან თავის დაღწევის მუდმივი მცდელობა. ძალზე საეჭვოა, რომ კანეტი საქართველოს ისტორიას იცნობდა, მაგრამ ხიფათისგან გაქცეული ჯგუფის მანიაკალურ -მელანქოლიური რეაგირების ტიპის დასახასიათებლად რომ სწორედ  ქართულ ზღაპარს იყენებს, ბევრის მთქმელია.  

"ოსტატი და შეგირდი“ თავისთავად ნაკლებად ცნობილია ქართველი მკითხველისთვის. ქართული ფოლკლორიდან ამ მიმართებით (ხიფათისგან გაქცევა) პირველ რიგში რაც გახსენდება, არის "წიქარა" და "ჩიტი და მელია“.

"წიქარაში” ხარზე შემომჯდარი ბავშვი გაურბის ბოროტი დედინაცვლის მიერ გამოგზავნილ "წყეულ ეშვებდალესილ“ ღორს. დევნის პროცესში მდევნელსა და დევნილს შორის წინააღმდეგობები ხელოვნური საგნებით წარმოიშობა - ბავშვი ბოთლით წყალს გადაღვრის და ის "საშინელ ზღვად“ გადაიქცევა, გადაგდებული სავარცხელი "წვრილ და ხშირ ტყედ აიყრება“, სალესი ქვა კი, “თვალუწვდენელ კლდედ”. ამ უკანასკნელზე მომდევარ ღორს ფეხი უსხლტება და ხევში იჩეხება.

"ჩიტი ჩიორა" უფრო პირადულად ღირებული საშუალებების გამოყენებით გაურბის მდევარს -სამივე ბარტყს ერთი მეორის მიყოლებით გადაულოცავს მელიას საკუთარი ტყავის გადასარჩენად. თუ მდევნელისგან თავის დასაღწევად ბუნებრივად არსებული გეოგრაფიული გარემო - ტყე, წყალი, კლდე, კავკასიის ქედი და ა.შ.-  არ აღმოჩნდა  საკმარისი, მაშინ საკუთარი შვილებით და სხეულის ნაწილებით ვაჭრობაა შესაძლებელი. ცნობილი „დათვი მოგერევა და ბაბაი დაუძახე“-ს პოლიტიკური პოზიცია ჩიტი-ჩიორასეული „მე გადავრჩე და ყველაფერი (შვილების ჩათვლით) წყალს წაუღია" - ს ანარეკლია.

ამ ორივე არაკის შემთხვევაში დევნის პროცესში არც დევნილი იცვლება და არც მდევარი, წიქარა წიქარად რჩება, „ჩიტი ჩიორა“ ჩიტად, მელია მელიად და ეშვებიანი ღორი ღორად.

ელიას კანეტის მიერ მოყვანილი „ოსტატი და შეგირდი“ ჯგუფის მოქმედების განსხვავებულ ფორმას აღწერს, როცა პროცესში ორივე, მსხვერპლიც და მონადირეც, გარდაიქმნება (აქედან თავის დასათაურება - „ დევნის ტრასნფორმაცია“).  

ზღაპრის შინაარსი ასეთია:

ცოლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ერთი მწყემსი საკუთარ ვაჟს ბოროტი ოსტატის სახით მოვლენილ ეშმაკს მიაბარებს მოწაფედ. გარიგების მიხედვით, ეშმაკი ყმაწვილს ყოველგვარ ჯადოქრობას შეასწავლის. ოსტატს სურს, შეგირდი სამუდამოდ იმსახუროს და სწავლის დამთავრების შემდეგ მას სახლში აღარ უშვებს, გომურში გამოამწყვდევს.

შეგირდი ოცნებობს გაქცევაზე და ვერ ახერხებს. დრო გადის, ნაღველი და მოწყენილობა სულ უფრო და უფრო იპყრობს დატყვევებულს. ერთ დღესაც, როცა დასევდიანებული, უიმედო და სურვილგამოცარიელებული შეგირდი იატაკზე წევს, გომურში მზის სხივი გაბრწყინდება. შეგირდი აღმოაჩენს ღრიჭოს, საიდანაც სხივი შემოდის და დევნის გიჟური ფანტსმაგორიაც იწყება.

დატყვევებული შეგირდი თაგვად გადაიქცევა და გომურის ღრიჭოში გაძვრება, მისი დამტყვევებელი ოსტატი/ეშმა კატა გახდება, თაგვს გამოუდგება და დაიჭერს. როცა კატა პირს გააღებს გადასაყლაპად, თაგვი თევზად იქცევა და მდინარეში გადახტება. კატა ბადედ გადაიქცევა და თევზს ბადეში მოიყოლებს. ბოლო მომენტში თევზი ხოხბის ფორმას მიიღებს  და მდევნელს დაუძვრება, ეს უკანასკნელი შევარდენი ხდება და ხოხობს გამოუდგება, შევარდნის კლანჭები ლამის წვდება, როცა ხოხობი წითელ ვაშლად გადაიქცევა და მეფეს კალთაში ჩაუვარდება. მდევარი მეფის ხელში მომარჯვებულ დანად იქცევა. დანა, სადაცაა, უნდა დაერჭოს ვაშლს, რომ ის ფეტვის მარცვლებად ტრასნფორმირდება, ფეტვს კრუხ-წიწილებად გადაქცეული მდევარი დაუწყებს კენკვას, ბოლო დარჩენილი ფეტვის მარცვალი უკანასკნელ მომენტში ნემსი ხდება, კრუხ-წიწილები ნემსის ყუნწში გაყრილ ძაფად გადაიქცევიან, ბოლო წამს, როცა ძაფმა საბოლოოდ უნდა „მოთოკოს“, ნემსი ცეხლში გადაეშვება. ძაფი დაიწვება, ნემსი შეგირდად გაცოცხლდება და მამას უბრუნდება.

ზღაპარი ჩაპლინის და ბასტერ კიტონის ფილმების სადარი გიჟური, დაფეთებული  დევნაა. დევნის კადრები ისეთივე სისწრაფით და ქაოტურობით  იცვლებიან, როგორც მოქმედი პერსონაჟების სხეულებრივი ინკარნაციები. მოვლენები მოულოდნელი, დაუკავშირებელი და ფართოდგაშლილია. "თავად ის ფაქტი", აღნიშნავს კანეტი, რომ „დევნა აღმოცენდება მტრული განზრახვიდან (მდევნელ-დევნილი ერთმანეთის განადგურებას ცდილობს) საოცრად ემსგავსება მანიად წოდებული ფსიქიკური ავადმყოფობის პროცესს“ . ავტორს აქ მხედველობაში აქვს უწესრიგობა, მიზნის მიღწევის აბნეული, დაუგეგმავი და მყისიერად ცვალებადი აქტივობა, რაც მიმდინარეობს აწეული ემოციური მდგომარეობის, დაძაბული, ინტესიური და მოჭარბებული ენერგიის და გამძაფრებული ჟესტიკულაციის ფონზე...

"მანია არის  რაიმეს მონადირების სურვილის უეცარი შემოტევა“ -  აცხადებს კანეტი. სურვილი არის მსხვერპლის ნიშანში ამოღება, დაწევა და შეპყრობა. მისი შეჭმა - განადგურება მეორეხარისხოვანია.

გომურში გამომწყვდეული, დასევდიანებული და სურვილებდაცლილი შეგირდი განიცდის ემოციურ მდგომარეობას, მელანქოლიას, რაც მანიის საწინააღმდეგო და კომპლიმენტარულია. აქ ელიას კანეტის შემდეგი საგულისხმო ფრაზა მოყავს - “მელანქოლია იწყება მაშინ, როცა დევნილი სრბოლა-გარდაქმნაზე უარს ამბობს და მას უაზრო წამოწყებად აღიქვამს“.

"მიქრის, მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი მერანი“ -  სიგიჟეა, თვლის მელანქოლიკი. დევნა დამთავრდა, "შავ ყორანს“ უკვე შეპყრობილი ჰყავს, ვეღარსად გაიქცევა. ახალ მეტამორფოზას, "ტყავის გამოცვლას", ვერ შეძლებს. ყველაფერი, რისკენაც ისწრაფვოდა, არშემდგარი და წარუმატებელი აღმოჩნდა. თავად კი, არის ყოვლად უვარგისი, გამოუსადეგარი არაფრისგამკეთებელი მსხვერპლი, რომელიც მონადირის საკვებად და შემდეგ ექსკრემენტად გადაიქცევა. "სხვისი“ , მტრის, განავალი - ეს არის საბოლოო ტრანსფორმაცია, რომელიც ყველანაირ მისწრაფებას, სრბოლას, წერტილს უსვამს. "ბაბაის“ მაძახებელი ჩიტი-ჩიორას ხვედრი.

ელიას კანეტის თვალით დანახული ქართული ზღაპარი, როგორც ჯგუფის მანიაკალურ - მელანქოლიური რეაგირების ტიპის საუკეთესო ნიმუში, კარგ პარალელად ჯდება ზემოთ აღწერილი ქართული ეროვნული სიმბოლოსთვის დამახასიათებელ წონასწორობა (ზომიერება) გამოცლილ მანიაკალურ-დეპრესიულ ემოციურ ფონთან.

კანეტის განცხადებით, "ერის ცნობიერება იცვლება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა მისი სიმბოლო იცვლება“. სუფრის ტრადიციის ცვლილება, თუ ეროვნულ სიმბოლოდ ვაზს მივიჩნევთ, ძნელი წარმოსადგენია. შესაბამისად, ბიპოლარული თავდაუჭერლობაც კარგა ხანს იქნება ქართული სოციალური სივრცის შემადგენელი ნაწილი.  

მანიაკალური და მელანქოლიური ემოციური მდგომარეობების ურთიერთმონაცვლეობა თავისთავადი (9 თუ 7-წლიანი) პერიოდულობით არ ხდება. ის ყოველთვის პროვოცირდება რაღაც ისეთი მოვლენით, რომლის ბოლომდე „გაპრავება“ (აზრის მიცემა, იუმორში გადატანა) შეუძლებელია. მელანქოლიის გამომწვევ ასეთ მოვლენად მეჩვენება ქალაქში მოსიარულე ბეჰემოტი ან ჩაიკოვსკის ბალეტის მსგავსად პრესცენიუმზე გედივით შემოსრიალებული, "კამაზზე“ ამხედრებული უზარმაზარი ფალოსი/ბაობაბი, ბალერინასეული მოხდენილობით ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში მიმავალი, "იდუმალი, როგორც გიჟის სიზმარი“.

იმედს ვიტოვებ, მანიაკალური ფაზის "ტრიგერების“ წარმომშობი მომავალი თბილისის მერის არჩევნები იქნება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო აფხაზავა

კომენტარები