საბავშვო ბაღები

ბაღები გადატვირთულია - არასაკმარისი საწოლები, ძილი იატაკზე და ვირუსების გავრცელების რისკი

18 სექტემბერს საჯარო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - გადატვირთულობა - კი კვლავ მოუგვარებელი რჩება. არაერთ ბაღში არის ჯგუფები, სადაც 60-ზე მეტი ბავშვია, საწოლები კი - არასაკმარისი. მეტიც, ზოგიერთი ბაღი, რემონტის გამო, სხვა შენობაში განათავსეს, შედეგად, საწოლისთვის ადგილები არ აქვთ და პატარებს იატაკზე, ლეიბებზე სძინავთ.

მშობლები ჩივიან უჰაერობასა და ჩახუთულობაზეც, ასევე, ვირუსების გავრცელების მაღალ რისკზე, რასაც ბევრი ბავშვის ერთ პატარა ოთახში, განიავების გარეშე ყოფნა იწვევს.

მშობლები

ტაბულას მშობლებმა ბაღების შესახებ პირველი კვირის შთაბეჭდილებები გაუზიარეს. რამდენიმე მათგანმა ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მათი შვილი დაწესებულებაში კონკრეტული ადამიანების დახმარებით მოხვდა.


ნინო (სახელი შეცვლილია):

"დაახლოებით 25-30კვ.მ. ოთახში 49 ბავშვი იყო, საწოლების რაოდენობა კი არასაკმარისი. ვიკითხე, სად აპირებდნენ ბავშვების დაძინებას იმ შემთხვევაში, თუ სიაში მყოფი ყველა ბავშვი მოვიდოდა. მიპასუხეს - სკამები გვაქვს, ან ძირს გავშლითო. ფანჯარა დაკეტილი ჰქონდათ, ღია იყო მხოლოდ აივნის კარი. საშინელი ჩახუთულობა და სუნი იდგა.

მასწავლებელი ბავშვების დიდ ნაწილს ვერ ამშვიდებდა. არც ერთი მათგანი არ ჭამდა. დაუსხეს ისეთი ცხელი ჩაი, რომ ჩემმა შვილმა ვერ დალია. ზოგიერთმა ჩაის ხელი გაკრა. ერთერთი პატარა პანიკისგან ისტერიკაში ჩავარდა, დაიწყო ხროტინივით, მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, არ ვიცი, რა მოხდებოდა. მასწავლებლები სხვა ბავშვებთან იყვნენ და ვერ შენიშნეს.

აღმზრდელები ბავშვებისთვის პამპერსის გამოცვლასაც ვერ ასწრებდნენ. დირექტორმა მითხრა, რომ კანონით 50 ბავშვზე არის ერთი ძიძა, თუმცა, დიდი ბჭობის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ დაამატებენ.

მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და გამოვიქეცი. წამოსვლისას დირექტორმა მითხრა, წაიყვანე ფასიანშიო".


ფოტო: ტაბულა

ლექსო ნაბახტეველი, 3 წლის ელენეს მამა:

"ჩემი შვილი უკვე მეორე წელია დადის ბაღში. შარშან უკეთეს მდგომარეობაში ვიყავით, რადგან ბაგაში იყო და იქ ეს პრობლემა არ ყოფილა. წელს დამხვდა საოცარი სურათი. ჯგუფში, სიით, არის 65 ბავშვი, ანუ, სრულიად შესაძლებელია, ერთ დღეს 65 ბავშვი იყოს ერთ ოთახში, საშუალო ზომის, უფრო, ვიტყოდი ბაღისთვის პატარა ოთახში.

გარდა ამისა, დილით ტირის ხოლმე და ვცდილობ ფანჯრიდან შევხედო და დავრწმუნდე, რომ დამშვიდდა, თუმცა ამჯერად ფანჯრებიც და კარიც დაკეტილი იყო, შესაბამისად, ალბათ განიავების პრობლემაც დგას.

არის მხოლოდ ერთი აღმზრდელი და ერთი ძიძა.

ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, ერთი კვირის წინ აცრა უნდა გაგვეკეთებინა და შევამოწმეთ. ბაღში მიყვანიდან მესამე დღეს ჰქონდა სურდო, ღამით კი ხველამ გაგვაღვიძა. გამოვიძახეთ სასწრაფო პედიატრი. ექიმმა, პირველ რიგში, იკითხა დაგვყავს თუ არა ბაღში და თქვა, რომ ბავშვებს იმუნიტეტი აქვთ ძალიან დაქვეითებული, რადგან ბევრი ბავშვია ერთად და მარტივად ხდება ავადობების გადადება. ელენეს ყელში და ორივე ყურში აქვს სიწითლე, ცხვირში გამონადენი. დაუდგინდა ე.წ. ცრუ კრუპი. პედიატრმა მითხრა, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც სრულიად შესაძლებელია ერთ დღეშიც გადაედოს.

ზუსტად ალბათ ვერ დავადგენ ვირუსი საიდან გადაედო, თუმცა, ლოგიკური ჯაჭვი ნამდვილად არის. ვვარაუდობ, რომ ბაღში ამ მხრივ ვერ აკონტროლებენ სიტუაციას. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ორმა მასწავლებელმა ბავშვების ამ რაოდენობის პირობებში შეამჩნიოს ვის აქვს სურდო და ა.შ.

გარდა ამისა, ვინაიდან ამდენი ბავშვია, ჯგუფებიდან აიღეს საწოლები და ამის გამო სამი წლის ბავშვები შუადღით ვეღარ იძინებენ. ელენე ძალიან გაღიზიანებულია როცა მოდის ბაღიდან, 7 საათზე ხომ ვერ დავაძინებ? პედიატრსაც ვკითხე და მითხრა, რომ ამ ასაკში შუადღის ძილი აუცილებელია და ამის გარეშე ბავშვის ფსიქიკა ზიანდება".

თამუნა (სახელი შეცვლილია):

"საწოლები საერთოდ არ აქვთ და ბავშვებს იატაკზე, ლეიბებზე სძინავთ. ადგილი არ არის და ამიტომ, საწოლების მოტანა არც იგეგმება. არ არის ეზო, თუმცა, ამბობენ, რომ ერთ თვეში იქნება".


ფოტო: ტაბულა

დეა, 3 წლის ელისაბედის დედა:

"პრობლემა არ არის არც აღმზრდელში, არც დირექტორში და არც კონკრეტულ ერთ ბაღში. პრობლემა სტრუქტურაშია. რთულია ისაუბრო სხვა რამეზე იქ, სადაც ბავშვებს ელემენტარულად ვერ აქცევენ ყურადღებას. ბაღში წასვლამდე ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგიური მზაობა და მე ჩემი შვილი მოვამზადე ამისთვის.

ველოდი, რომ აღმზრდელი შეგვეგებებოდა თბილად, გავიცნობდით სხვა ბავშვებსაც, თავდაპირველად ერთად ვითამაშებდით და არავითარ შემთხვევაში არ განგვაცალკევებდნენ. თუმცა, ბავშვი ისე შეიყვანეს ოთახში, ვერც მოვასწარი იმის გაცნობიერება, რა მოხდა, ვერც დავემშვიდობე. ცხვირწინ მომიხურეს კარი და შიგნიდან ჩაკეტეს. მესმოდა 40-მდე თუ 50-მდე ბავშვის ტირილი, წივილი და 2 აღმზრდელი მათ ვერ ამშვიდებდა. რა თქმა უნდა, ვერც დაამშვიდებდა, რადგან როცა მე ვთქვი, რომ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი, აღმზრდელმა მიპასუხა, რომ ასე უფრო მარტივია, რადგან მშობლებს როცა ხედავენ, უფრო იძაბებიან ბავშვები. მე არ ვამბობ იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში მშობელი იყოს ბავშვთან, მაგრამ პირველ, ადაპტაციის კვირაში, ბავშვი ჩაკეტო ოთახში, უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან ერთად, ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე.

პროტესტი რომ გამოვხატე, სხვა მშობლებმაც არ გაიზიარეს ჩემი აზრი. ცინიკური რეპლიკები წამოვიდა, მითხრეს, რომ ჩვენ ევროპაში არ ვცხოვრობთ და თვითონაც ასე გაიზარდნენ. გულდასაწყვეტია, რომ ასე ფიქრობენ მშობლები, მაშინ, როცა შესაძლებელია ეს კრიტიკული ფაზა ბავშვისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ერთ-ერთ ჩემს ახლობელს დღემდე ახსოვს რა ეცვა დედამისს, როცა პირველად ბაღში დატოვა, 3 წლის ასაკში. წარმოიდგინეთ, ეს როგორი ტრავმაა".

ირინა სოფია:

"მასწავლებელს რომ ვკითხეთ, არ დაასახელა ბავშვების ზუსტი რაოდენობა. 60-ზე მეტიო, გაღიმებულმა გვითხრა. ჩემმა მეუღლემ წაიყვანა შემდეგ ბავშვი და თქვა, რომ 70-მდე არიან. აღმზრდელებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, პირიქით, საკმაოდ კარგი დირექტორი ჰყავს ჩვენს ბაღს, მაგრამ როცა 70 და 60 ბავშვია ჯგუფში, როგორ უნდა ისწავლონ, როგორ უნდა ითამაშონ, ძალიან რთული იქნება…"
 
ნათია (სახელი შეცვლილია):

"რაკი ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ მაქვს, მიმყავს, ვტოვებ საშინლად ატირებულს 61-ბავშვიან ჯგუფში, გამოვდივარ, დამამშვიდებელს ვსვამ და მივდივარ სამსახურში. სამი აღმზრდელი ჰყავს და კარგები ძალიან, მაგრამ ეს მაინც ვერ ცვლის საერთო სურათს. მასწავლებელიც იდეალურია, სივრცე კი ძალიან პატარა.

რეგიონები რომ არ ვითარდება და ყველა თბილისში მოდის, ნახალოვკა რომ გარეუბანია და იაფი ღირს სახლის ქირაობა, დედა რომ ჩამოდის დასავლეთ საქართველოდან და მუშაობა უნდა, თან ჰყავს 2 წლის ბავშვი და ერთი სული აქვს ბაგაში შეიყვანოს, რომ "სამუშაოზე გავიდეს", ქირაობს ნახევარ სარდაფს და მიყავს ბავშვი ბაღში, ეს არის ფუნდამენტალური პრობლემა და უბედურება".

ბაღების დირექტორების პოზიცია და პასუხი 

მშობლების მიერ დასახელებული ბაღებიდან ტაბულამ რამდენიმე მოინახულა.

დაწესებულებების ხელმძღვანელები გადატვირთულობის პრობლემას აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ მშობლების თხოვნა გაითვალისწინეს და ბავშვები ბაღების გარეშე არ დატოვეს.

"28 საწოლია ბაგაში და 63 ბავშვია ჩარიცხული. ყველა მშობელი, ვისი შვილიც ამ 28-ის შემდეგ ჩაირიცხა, ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ძილის საშუალება არ იქნება. ყველა დედას უნდა, რომ მიიღოს ეს მომსახურება, რასაც დღევანდელ თბილისში ჰქვია ბაღების ფუფუნება. ყველაფერი რომაა, ყველაფერი გისრულდება, რაც ბავშვს უნდა, ყველა საჭიროებაა. ამიტომაც არის წელს განსაკუთრებით გადატვირთული. 

სამ წელზე მეტია ბაღები შენდება პანტა-პუნტით. ქვეყანა არ არსებობს დედამიწაზე, სადაც ამდენი ბაღია, ამდენი ფუფუნება და ამდენი მილიონი იხარჯებოდეს მათზე. მეტი რაღა უნდა ქნას სახელმწიფომ?", - ამბობს 56-ე საბავშვო ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ტაბულასთან.

რემონტის გამო დროებით სხვა შენობაში გადავიდა მე-6 საბავშვო ბაღი. აქ 243 აღსაზრდელი ჰყავთ. რადგან დროებით შენობაში საკმარისი ადგილები არაა, ბავშვებს ლეიბებზე და გასაშლელ საწოლებზე სძინავთ. ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ლეიბები წესების სრული დაცვითაა შეკერილი და კვირაში ერთხელ ირეცხება.

"შენობის ავარიული მდგომარეობის გამო მოგვიწია, დროებით, 2 წლით, აქ გადმოსვლა. თუმცა, აქაც სრული წესების და სტანდარტების მიხედვით არის ყველაფერი. ჩვენთან ყოველთვის იყო და არის მოსვენების დრო ბავშვებისთვის.

საწოლების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, გვქონდა გასაშლელი საწოლები, მაგრამრადგან აქ არ იყო ცალკე ოთახის საშუალება, ვიყენებთ ლეიბებს. ეს არის საბავშვო საწოლის მატრასები და სქელი, ღრუბელისგან შეკერილი, გასაშლელი საწოლი, რომელიც არ იპრესება, არ ჯდება. არ არის იმის საფრთხე, რომ ბავშვი გაცივდეს ან იატაკთან ისე ახლოს იყოს, რომ რამე ინფექციასთან ან ინფექციის კერასთან დავაკავშიროთ ეს ფაქტი. 

ლეიბები არის შეკერილი სრული წესების დაცვით, ყოველ პარასკევს იხსნება პირი, ირეცხება. მატრასებს აწერია ბავშვების გვარები და სხვის მატრასზე არავის დააწვენენ. დიდ ოთახში, სადაც ბავშვებს უწევთ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, საწოლების დადგმა არ იქნებოდა ჰიგიენური", - ამბობს ნათია უკლება.


ფოტო: ტაბულა

მიუხედავად იმისა, რომ მე-6 საბავშვო ბაღში ბაგას ჯგუფი მიმდინარე წელს არ ჰყავთ, 3-დან 4 წლამდე ბავშვებს მოსვენების ან ძილის დრო მაინც აქვთ გამოყოფილი. ბაღის დირექტორის ინფორმაციით, ბევრი მშობელი ამით უკმაყოფილოა, რადგან, შემდეგ ბავშვი სახლში გვიან იძინებს.

"არის მშობლების კატეგორია, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ ბავშვი ხანდახან სახლშიც იძინებს შუადღით, მაგრამ აღვიძებენ, რადგან, ღამით გვიანობამდე აღარ იძინებს. ჩვენ პირველ რიგში ბავშვის ინტერესს ვითვალისწინებთ. გვყავს ფსიქოლოგი, ასევე, სპეციალური განათლების მქონე პედაგოგები, რომელთა დაკვირვების ქვეშ ხდება ყველაფერი. ჩვენი მეთოდიკიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, ჯობია რომ ხერხემალი გასწორდეს და ისე მოისვენოს ბავშვმა, ვიდრე სკამზე იჯდეს და მაგიდაზე მოხრილს ეძინოს. 

ბავშვს თუ დაეძინა, იმას არც გავაღვიძებთ და ვერც გავაღვიძებთ, ეს ჩვენს მეთოდოლოგიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სამი წლის ბავშვებმა დღის განმავლობაში ნახევარი საათით რომ მოისვენონ, მით უმეტეს, როცა ჯგუფში ხმაურია, არ არის წესების და უფლებების დარღვევა. პირიქით, უფლებების დარღვევა ის უფრო იქნება, თუ ბავშვის ინტერესებს არ გავითვალისწინებთ. ვერ დავუშვებთ ბავშვის მოხრილ მდგომარეობაში ყოფნას და ისე ძილს. მე მგონი, არც ერთი მშობელი არ იქნება კმაყოფილი ჯგუფში რომ შევიდეს და მისი შვილი ასეთ მდგომარეობაში დაინახოს", - ამბობს ბაღის დირექტორი.

ნათია უკლებას ინფორმაციით, ბაღს ჯერ არ აქვს ეზო, თუმცა, მალე ექნება. ასევე, იგეგმება შენობასთან მისასვლელი გზის მოწესრიგება.

ბაგას ორი ჯგუფია 25-ე ბაღში. თითო ჯგუფში 35 ბავშვია, საწოლი კი 25. დირექტორის განმარტებით, ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვს საწოლი არ შეხვდეს.

"2007 წელს 100-მდე ბაღი დაიხურა. ყოველ წელს შენდება ახალი ბაღები, ჯგუფები ემატება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ნელნელა აღმოიფხვრება. საერთო სტატისტიკით, ზუსტად არის განსაზღვრული, რომ დასწრება არის 70%, აქედან ზოგიერთი მშობლის მოთხოვნით ბავშვი არ იძინებს. ჯერჯერობით არ შემქმნია მთელი განვლილი წლის პერიოდში ისეთი მომენტი, რომ საწოლი არ ყოფილიყო საკმარისი.

რეზერვი, გასაშლელი საწოლები ზოგადად მაქვს და შეიძლება განთავსდეს სათამაშო ოთახში, რომელიც, როცა ბავშვებს სძინავთ, თავისუფალია. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით არ დამდგარა ეს პრობლემა და იმედი მაქვს, რომ არც იქნება ისე, რომ  ბავშვი ვერ დავაძინო", - ამბობს თიკო ნოზაძე.

ფსიქოლოგიური ტრავმა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა ამბობს, რომ პირველი ნაბიჯები სოციალიზაციისკენ ბავშვებისთვის ძალიან მტკივნეული პროცესია და ამ დროს აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. 60 და მეტ-ბავშვიან ჯგუფებში ასეთი მიდგომის შესაძლებლობაში მას ეჭვი ეპარება.


ფოტო: ტაბულა
"ყველაზე მნიშვნელოვანი ტრავმა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ბავშვებთან მუშაობის დროს, ეს არის განშორება ოჯახთან. ხშირად, ამას თან ახლავს ტირილი, ძილის დარღვევა. ამიტომ, გარემო, სადაც ეს ხდება, უნდა იყოს მორგებული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ტემპერამენტს, ხასიათის თავისებურებებს. პატარა ითხოვს თავს წილ ხელის ჩამორთმევას, მზერას, კომუნიკაციას, სითბოს, ქცევასთან უკუკავშირს.

ძალიან დიდ ჯგუფებში, რაც არ უნდა მაღალი პედაგოგიური სტანდარტი იყოს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ინდივიდუალური მიდგომა, ბავშვი კიდევ უფრო მეტი სტრესის ქვეშაა და არაა გამორიცხული წარმატებით ვერ ჩართონ თანატოლთა სივრცეში. ასეთ შემთხვევაში ბაღი ხდება არა გარემო, სადაც ბავშვმა მეგობარი იპოვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა, არამედ ტრავმების, შიშების, მისი უგულებელყოფის გარემო. 

ის სამყაროსთან ურთიერთობას აგებს იმ მოდელზე, რა მოდელსაც შეიმუშავებს ადრეულ ასაკში. ამიტომ, მისთვის ასევე რთულია სოციალიზაცია სკოლის სივრცეში, რადგან არ აქვს პოზიტიური გამოცდილება, გაუბედავია. სოციალიზაცია ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნილებაა და როცა აქ ასეთი ბარიერებია, მერე მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან სერიოზულ კვალს ტოვებს", - ამბობს მაია ცირამუა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ტაბულას უთხრეს, რომ სივრცეში, სადაც ერთდროულად ბევრი ბავშვია, არის ინფექციების და ვირუსების გავრცელების საფრთხე.

უწყების დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის თქმით, ბაღების მართვის სააგენტომ მათთან კონსულტაციით შეადგინა სახელმძღვანელო ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებით. ლელა შენგელია მშობლების და საბავშვო ბაღების აღმზრდელებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

"ერთმნიშვნელოვნად, როცა სივრცეში ბევრი ბავშვია ერთად, ნიშნავს, რომ იქ არსებობს ინფექციების გადაცემის რისკი. არის სპეციალური პირობები, როგორ უნდა დამუშავდეს გარემო, სადაც ბავშვია. 

ჩვენ ვიძლევით ზოგადად რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხელების სწორი დაბანა, როგორ უნდა დაიცვან ჰიგიენის მარტივი წესები და ა.შ. გარდა ამისა, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს როგორ მდგომარეობაში მიჰყავს ბავშვი ბაღში. ასევე, დილით აღმზრდელმა უნდა შეამოწმოს და დღის განმავლობაში დააკვირდეს. 

ტემპერატურის მატება, ცხვირში სისველე და მსგავსი სიმპტომები თუ გამოვლინდა, დროულად უნდა მოახდინონ რეაგირება. თუმცა, რთულია 60 ბავშვის პირობებში თუნდაც სამმა ადამიანმა გაუწიოს ყველაფერს მონიტორინგი", - ამბობს ლელა შენგელია.

ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ გადატვირთულობა გამოიწვია წინა წლებში 50 ბაღის დახურვამ, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში ხარისხის ზრდამ. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დახურული ბაღების ნაწილი გაიყიდა, ნაწილში კი სოციალურად დაუცველები და დევნილები ცხოვრობენ.

"2014 წლის შემდეგ 12 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, მოქმედ საბავშვო ბაღებში კი 100-ზე მეტი ახალი ჯგუფი შეიქმნა. ინფრასტრუქტურულმა პოლიტიკამ 7500-ზე მეტი დამატებითი აღსაზრდელის მიღების შესაძლებლობა მოგვცა. გატარებულმა ძირეულმა რეფორმებმა გაზარდა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში ხარისხი და აქედან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა. 

კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მეტი ბავშვისთვის. გავითვალისწინეთ მშობლების თხოვნაც და სექტემბერში, კონკრეტულ საბავშვო ბაღებში სათათბირო ორგანოები მოვიწვიეთ და დამატებითი კონტინგენტი მივიღეთ. შედეგად, ნაკლები ბავშვი დარჩა ბაღის გარეთ", - ამბობს თემურ თორდინავა და აღნიშნავს, რომ მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ ბაღების გადატვირთვის შესახებ.


ფოტო: ტაბულა
ტაბულას კითხვას, აცნობიერებს თუ არა სააგენტო დიდ ჯგუფებში ბავშვების დავირუსების, ფსიქოლოგიური ტრავმების რისკს, თორდინავა პასუხობს, რომ კითხვის შინაარსს ვერ ხვდება.

"სააგენტო ყოველთვის აცნობიერებდა თავის პასუხისმგებლობას, უბრალოდ, მე კითხვის შინაარსს ვერ ვხდები. წინა წლებთან შედარებით წელს ნაკლები პრობლემა გვაქვს. ვაცნობიერებდით წინა წლებშიც და წელსაც ვაცნობიერებთ რა თქმა უნდა. თქვენ კითხვას არასწორად სვამთ. წინა წლებთან შედარებით ჯგუფების გადატვირთულობა იმდენად აქტუალური არ არის. წინა წლებში ვიღებდით პასუხისმგებლობას და წელსაც ვიღებთ. ვაცნობიერებთ, დიახ", - გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ბაღებში დასწრება 65-70%-ია და საწოლების პრობლემა არ არის. გარდა ამისა, თორდინავა ამბობს, რომ სააგენტო აუცილებლად დაამატებს საწოლებს ბაღებში, სადაც ფიზიკურად შესაძლებელია მათი განთავსება, ასევე, დაემატება პერსონალიც.

ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი ასევე ირწმუნება, რომ ბაღში ბავშვის ჩარიცხვა არ ხდება კონკრეტული ადამიანების დახმარებით. თემურ თორდინავა განმარტავს, რომ მშობელი წერილს წერს სააგენტოს დირექტორის სახელზე, რომელიც კონკრეტული ბაღის სათათბიროს მიმართავს ან პირდაპირ სათათბირო განიხილავს ბავშვის დამატებით ჩარიცხვის საკითხს.

ბაღების სააგენტოში კამერის მიღმა იმასაც ამბობენ, რომ რთულია რეგისტრაციაზე უარი უთხრა ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ სახლში ბავშვის კვების შესაძლებლობა არ აქვს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა უბანში 13 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიხსნება.

კომენტარები