გერმანიის ნაციონალისტური პარტია (AfD) ბუნდესტაგში მესამე ძალაა - რა უნდა ვიცოდეთ?

DW.COM

ხმების 76% დათვლილია. გერმანიის მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ეგზიტპოლის ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 13.6%-ით (94 მანდატი) მომავალ ბუნდესტაგში მესამე, საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენს. 

პარტია 2013 წელს დაარსდა და გერმანიის ფედერალურ არჩევნებში მონაწილეობას მეორედ იღებს. 2013 წლის არჩევნებში მათ 0,3% დააკლდათ საარჩევნო ბარიერის (5%) გადასალახავად, შესაბამისად, ამჟამინდელ ბუნდესტაგში წარმოდგენილები არ ყოფილან. 

ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ უკიდურესად მემარჯვენე პარტიას განსაკუთრებულად დიდი მხარდაჭერა აქვს აღმოსავლეთ გერმანიაში. კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის მამაკაცი ამომრჩევლების უმრავლესობამ, 27%-მა მხარი სწორედ AfD-ის დაუჭირა. მემარჯვენე პარტიამ ამ რეიტინგებში 3%-ით გაუსწრო ანგელა მერკელის კონსერვატიულ ალიანსს.



ვინ არიან პარტიის კანცლერობის კანდიდატები?

ალის ვეიდელი - ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, მუშაობდა Goldman Sacks-ში. პარტიის წევრი გახდა 2013 წელს. 2017 წელს გამოვიდა პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ და თქვა რომ ეს "ისტორიის სანაგვეს" ეკუთვნის. საპასუხოდ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მას "ნაცისტი კახპა" უწოდეს. ვეიდელის სარჩელი გადაცემის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ალექსანდერ გაულანდი - იურისტი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მანამდე იყო ქრისტიან დემოკრატების წევრი, თუმცა მიიჩნევს, რომ მერკელი დაშორდა კონსერვატიულ იდეებს.



რა ღირებულებებზე დგას პარტია?

ალტერნატივა გერმანიისათვის მიიჩნევს, რომ ტრამპის პოლიტიკა შესაძლებელს ხდის რუსეთთან უერთიერთობის გაუმჯობესებას. პარტიის ერთ-ერთი წევრი ოკუპირებულ ყირიმში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და განახცადა რომ პარტია წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის მთავრობისთვის, არამედ გერმანიის მთავრობისთვისაც და რომ რუსეთთან გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირი გერმანელი ხალხის ინტერესებშია. პარტიის ახალგაზრდული ფრთა განიხილავდა ალიანსის ჩამოყალიბებას პუტინის ერთიანი რუსეთის პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობასთან.

ალტერნატივა გერმანიისათვის თვლის რომ ნატო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თავდაცვის ოპერაციებით და ესეც მხოლოდ სამხედრო ალიანსის საზღვრებში. ისინი თვლიან, რომ აშშ გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თუმცა გერმანიას სჭირდება დამოუკიდებელი უსაფრთხოების სტრატეგია. ბრექსითთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია შემდეგია: თუ ევროკავშირში არ განხორციელდება ძირეული რეფორმები, გერმანიამ უნდა მიბაძოს დიდ ბრიტანეთს და დატოვოს ორგანიზაცია. პარტიას ასევე სურს ევროზონის დატოვება და გერმანული მარკის დაბრუნება. საშინაო პოლიტიკის კუთხით ისინი მხარს უჭერენ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაბრუნებას, საზღვრების ჩაკეტვას მიგრაციის შესაჩერებლად და განახლებად ენერგიაზე გადასვლის ნაცვლად ქვანახშირის თანამედროვე საწარმოების შექმნას. მათი აზრით გამონაბოლქვი კლიმატზე გავლენას არ ახდენს და გერმანია აშშ-ის მსგავსად უნდა გამოვიდეს პარიზის შეთანხმებიდან.

რა რეაქცია გამოიწვია გერმანიის ისთებლიშმენთსა და საზოგადოებაში მათმა მაღალმა რეიტინგმა?

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებიდან მალევე, გერმანიის მოქალაქეები ბერლინში, პარტიის მთავარ ოფისთან შეიკრიბნენ და ხმაურიანი აქციით გააპროტესტეს მათი ბუნდესტაგში შესვლა. ბერლინს ცოტა ხანში გერმანიის კიდევ ერთი დიდი ქალაქი კელნიც შეუერთდა ხმაურიანი საპროტესტო აქციით. რიგით მესამე ქალაქი, რომელმაც ბუნდესტაგში ნაციონალისტური პარტიის არსებობა გააპროტესტა, ფრანკფურტი აღმოჩნდა. 

"ნაციონალიზმი ალტერნატივა არ არის", "ვინც ჩუმადაა, ამას მხარს უჭერს" - ეს ის ლოზუნგებია, რომლებსაც აქციის მონაწილეები აჟღერებენ. 

BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, აქციებზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის და პროტესტი სულ უფრო მღელვარე ხდება.

 



მოქალაქეების გარდა, ალტერნატივა გერმანიისთვის ბუნდესტაგში მოხვედრა პოლიტიკურმა ისთებლიშმენთმაც განიცადა. 

ანგელა მერკელმა დაიფიცა, რომ "დაიბრუნებდა იმ ხმებს, რომლებიც AfD-მ მიიღო". 

შეფასებებში ყველაზე ხისტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები აღმოჩნდნენ, რომლებიც 20.2%-ით მეორე ადგილზე არიან. პარტიის მხრიდან ანგელა მერკელთან ერთად კოალიციის შექმნაზე უარის თქმის ერთერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად არ დარჩენილიყო. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ამის დაშვება შეუძლებელია. ხოლო, თუკი ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ანგელა მერკელს სურს და სოციალ-დემოკრატიული პარტია მასთან ერთად კოალიციას შექმნის, ალტერნატივა გერმანიისთვის ნამდვილად გახდება ყველაზე მეტმანდატიანი ოპოზიციური პარტია გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში. 

AfD-ის 13%-ს გერმანიის მწვანეთა პარტიაც გამოეხმაურა, რომლებიც შესაძლოა, მერკელის კოალიციის წევრები გახდნენ მთავრობის ფორმირებაში. გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერმა ჯემ ოზმედირმა განაცხადა, რომ ერთი მხრივ გახარებულია, თუმცა მისი სიხარული "დიდ მწუხარებასთანაა შეზავებული". 

"ჩვენ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, რომელიც შეიცვალა. ნაცისტები ბუნდესტაგში ბრუნდებიან,"- აცხადებს მწვანეთა პარტიის ლიდერი. 

ალტერნატივა გერმანიისთვის 13%-იან მხარდაჭერას გერმანიაში ებრაელების გაერთიანება გამოეხმაურა. 

"ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა გერმანელებისათვის 1949 წლის შემდეგ,"- ასეთია მათი პოზიცია. 

ასევე წაიკითხეთ: - ვისთან შეკრავს კოალიციას ანგელა მერკელი მთავრობის ფორმირებისთვის?

კომენტარები