საბავშვო ბაღები

თორდინავა: ბაღის დირექტორის განცხადებაზე უმკაცრეს რეაგირებას მოვახდეთ

ტაბულა

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, 206-ე ბაღის ფანჯრიდან ბავშვის გადმოვარდნის, ასევე დირექტორის განხადებასთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება იქნება.

"რეაგირება იქნება უმკაცრესი და შესაბამის ზომებს მივიღებთ. მონიტორინგის სამსახური ფაქტიდან რამდენიმე საათში იყო ადგილზე და დეტალურად ვსწავლობთ ყველაფერს. რამდენიმე საათში ამ განცხადებასთან და თვითონ ფაქტთან დაკავშირებითაც ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი", - ამბობს თემურ თორდინავა ტაბულასთან.

გარდა ამისა, თემურ თორდინავას ინფორმაციით, თუ ბავშვი არის სპეციალური საჭიროების, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცნობა, თუმცა დღეს ბაღის ფანჯრიდან გადმოვარდნილ აღსაზრდელს ასეთი ცნობა არ აქვს.

თბილისის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორის განცხადებით, ბაღის აღსაზრდელი "ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა".

ამის შესახებ მარინა გოგოლაძემ რუსთავი 2-ს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა.

"ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგერ ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ და მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა", - ამბობს გოგოლაძე.

თბილისის ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა.

"არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ მეორე სართულდან გადმოვარდა. ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული", - ამბობს უწყების პრესსამსახური ტაბულასთან.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინგოროყვას კლინიკაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიაგნოსტიკა და პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები