რელიგიის თავისუფლება

NGO-ები და უფლებადამცველები პარლამენტს: არ დაუშვათ რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა

parliament.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები განცხადებას ავრცელებენ კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტებისა და იურისტების პოზიცია და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების გაუმართლებებლი საფუძვლებით შეზღუდვა.

2017 წლის  საგაზაფხულო სესიაზე, მეორე მოსმენისას, პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლებს დაამატა ისეთი არაგანჭვრეტადი კრიტერიუმები, როგორებიცაა “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება” და “მართლმსაჯულების განხორციელება”. მიუხედავად, იმისა, რომ ვენეციის კომისია თავდაპირველ ოფიციალურ მოსაზრებაში ხელისუფლებას მოუწოდებდა, რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნები გაეწერა იმგვარად, როგორც ეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებითაა დადგენილი, საპარლამენტო უმრავლესობამ უფლებაში ჩარევა დამატებითი, არაგანჭვრეტადი და მაღალი რისკის შემცველი საფუძვლებით განიზრახა. 

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არღვევს სხვათა უფლებებს. ამჟამად კი, ცვლილებების პროექტი რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ექვს საფუძველს ითვალისწინებს, რომელთაგან “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება” და “მართლმსაჯულების განხორციელება” არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. ამგვარი კრიტერიუმებით რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევას კატეგორიულად არ უშვებს არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და არც ევროპის ქვეყნების კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

შესაბამისად, ვენეციის კომისიამ 22 სექტემბერს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილ მეორე მოსაზრებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემული საფუძვლები ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის გაგებით არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზნებს, კონვენციაში წარმოდგენილი ლეგიტიმური მიზნები მოითხოვს მკაცრ ინტერპრეტირებას და არ უნდა იყოს გაფართობული სხვა, დამატებითი ცნებებით. ვენეციის კომისიამ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც მიუთითა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს არ შეუძლია რელიგიის თავისუფლება შეზღუდოს სახელმწიფო/ეროვნული უსაფრთხოების საბაბით.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებები აღმსარებლობის, რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს. ამ საფრთხეს სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტიც აძლიერებს, რადგან რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და სახელმწიფოს არასათანადო, არაეფექტური რეაგირების შემთხვევებს კვლავაც ხშირი და სისტემური ხასიათი აქვს."- ნათქვამია განცხადებაში.

ხელისმომწერები მოუწოდებენ პარლამენტს "რელიგიის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხის შემცველი ნორმა იმგვარად შეცვალოს, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებთან."

განცხადებაზე ხელისმომწერები არიან ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, კონსტანტინე კუბლაშვილი, დავით ზედელაშვილი, გიორგი მელაძე, ლევან რამიშვილი, თამარ გურჩიანი, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი ჩიტიძე, მიხეილ შარაშიძე.

კომენტარები