არჩევნები გერმანიაში

"ალტერნატივა გერმანიისათვის" პარტიის თავმჯდომარემ დატოვა

DPA

არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალტერნატივა გერმანიისათვის თავმჯდომარემ პარტიის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. ფრაუკე პეტრის თქმით პარტიამ შიდა უთანხმოებების თაობაზე დუმილი უნდა დაარღვიოს.

პრესკონფერენციაზე ფრაუკე პეტრი პარტიის ლიდერებთან, ალექსანდერ გაულანდთან და ალის ვეიდელთან ერთად გამოჩნდა. გაულანდმა და ვეიდელმა თქვეს, რომ ალტერნატივა გერმანიისათვის პარტიას სურს იყოს კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა და ბუნდესტაგს შესაფერისი დებატების კულტურა დაუბრუნოს.

ამის შემდეგ პეტრიმ განაცხადა "ფრთხილი აწონ-დაწონვის შემდეგ გადავწყიტე, რომ ალტერნატივა გერმანიისათვის პარტიის საპარლამენტო ჯგუფში არ ვიჯდები." პეტრიმ პირდაპირი მანდატი მოიპოვა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა ბუნდესტაგში დამოუკიდებელი პარლამენტარის სტატუსით იჯდება. განცხადების შემდეგ ფრაუკემ პეტრიმ პრესკონფერენცია დატოვა. პარტიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადეს და თქვეს, რომ ამაზე შეთანხმებული არ ყოფილან. ალექსანდერ გაულანდმა პეტრის საქციელი დაგმო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ არჩევნებში ალტერნატივა გერმანიისათვის პარტია ბუნდესტაგში 13%-ით შევიდა.

კომენტარები