ე. წ. ციანიდის საქმე

პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარისთვის პასუხისგებაში მისცა

0 კომენტარი
ფოტო: თეორემა/ტაბულა

საქართველოს პროკურატურამ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ცნობით, მოწმეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 25 ივნისს დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად დაედო ბრალდების მხარის მოწმის, ჟურნალისტ ი.მ.-ს განცხადება. მისი მტკიცებით, მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა "მიზანმიმართულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, მის დისკრედიტაციას და პატივისა და ღირსების შელახვას" ახდენდა. მოწმის თქმით, ზეწოლა მიზნად ისახავდა სასამართლოში მიცემული ჩვენების შეცვლას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 6 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა ირაკლი ფირცხალავას მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

"2017 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა ირაკლი ფირცხალავა დაეკითხა, თუმცა, მან კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ირაკლი ფირცხალავას მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსამართლემ გამოსცა შესაბამისი განჩინება.

ირაკლი ფირცხალავამ მორიგ ჯერზეც უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება მოწმის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა ირაკლი ფირცხალავა დაეკითხათ. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს მოსამართლემ არაერთხელ განუმარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ირაკლი ფირცხალავამ კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა). წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას და ყოფილ პოლიციელ გიორგი ცააძეს სასამართლომ 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები