საკონსტიტუციო სარჩელი

საია: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გასაჩივრების უფლებას არღვევს

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებით, ასაჩივრებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომლითაც პირს გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება ეზღუდება.

საია-ში განმარტავენ, მიუთითებენ კოდექსის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ დადგენილება საჩივრდება სასამართლო დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან 10 დღის ვადაში, თუმცა, ეს არის სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო, სადაც მითითებულია გადაწყვეტილების მიზეზი. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ცალკე იგზავნება, თუმცა, გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა აითვლება არა ამ ნაწილის ჩაბარებიდან, არამედ, სასამართლოში მისი გამოცხადებიდან.

"ბუნებრივია, თუ ადამიანმა არ იცის მიზეზები, რის გამო მოხდა მისი სამართალდამრღვევად ცნობა, იგი მოკლებულია ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. პრაქტიკაში კი არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო დასაბუთებულ დადგენილებას პირს 10 დღის გასვლის შემდეგ უგზავნის", - აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაციაში მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელი იცავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.

"იმის გამო, რომ 10 დღიანი ვადა აითვლება სასამართლო დარბაზში მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან და არა მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, მხარეს ეზღუდება სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება. ამიტომ საია აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს", - აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რათა კანონმდებლობის ეს ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომენტარები