თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოსთან, სადაც აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული

რუსთავი 2

თბილისის საკრებულოსთან, სადაც დღეს აქცია, შემდეგ კი საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული. 

სამართალდამცველებს ტერიტორია ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. შენობაში მოხვედრა მხოლოდ თავისუფლების მოედნის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელიდან არის შესაძლებელი.

აქციას 14:00 საათზე ნაციონალური მოძრაობა მართავს. პარტია საკრებულოს მიერ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტისთვის" 1 ლარად გადაცემას შეეწინააღმდეგება. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს. ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს სხდომა, სადაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, 4 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე დასწრებას ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაც გეგმავს. 

თბილისის საკრებულო "ოლდ სითი დეველოპმენთისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას 29 სექტემბრის სხდომაზე გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

კომენტარები