მიწა 1 ლარად

Isfed: საკრებულოს სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შეფასებით, თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს მხარი დაუჭირა მიწების გადაცემაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნებს. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ სხდომას დაესწრებოდნენ მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. 

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადოს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ საკრებულოს, როგორც საჯარო კოლეგიურ ორგანოს სხდომის დახურვის შესახებ წინასწარ არ უმსჯელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.  

გარდა ამისა, გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით შესაძლოა შეზღუდულიყო დაინტერესებული პირების, მათ შორის პარლამენტის დეპუტატების სხდომაზე დასწრება. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო კოლეგიური ორგანოს სხდომაზე დასწრების იმგვარ შეზღუდვას, რასაც ადგილი აქვს თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომაზე განიხილება სახელმწიფო, კომერციული ან პერსონალური ხასიათის შემცველი ინფორმაცია. სხვა შემთხვევებში, ნებისმიერ პირს შეუძლია დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომებს" - აცხადებს ISFED და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დახურვის ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა.

"შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შესახებ არის უკანონო, ეწინააღმდეგება „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საკრებულოს სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება" - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთაზე 0.44 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილის საკუთრება გახდა. გარდა ამისა, საკრებულომ ივანიშვილისთვის თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის 1 ლარად გადაცემასაც დაუჭირა მხარი. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ივანიშვილის კომპანია ადგილზე 30-ადგილიან ავტოსადგომს მოაწყობს. თუ ივანიშვილი აღნიშნულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მას ჯარიმის სახით 100 ლარი დაეკისრება.

ორივე ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ნაწილი იქნება. თაბორის მთაზე 29.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილმა 2016 წელს 6.3 მილიონ ლარად იყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს.

კომენტარები