მიწა 1 ლარად

ევროპული საქართველო: ივანიშვილს პუშკინის სკვერი კანონდარღვევებით გადაეცა

ტაბულა

პარტია ევროპული საქართველო მთავრ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს და მოუწოდებს გამოიძიონ საკრებულოს სხდომაზე და მის გარეთ მომხდარი დანაშაულები. საუბარია პუშკინის სკვერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილისათვის გადაცემაზე. პარტიის წევრები რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. ევროპული საქართველოს საკრებულოს დეპუტატის მამუკა ახვლედიანის თქმით, გარდა იმისა, რომ სხდომა დარღვევით ჩატარდა, რადგან არ დაუშვეს მოქალაქეები და პარლამენტის დეპუტატები, გაუსხვისებელი ქონების გახსვისებაზე მუნიციპალიტეტს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა ანუ 34-მა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. პუშკინის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და გუდიაშვილის ქუჩის ნაწილი კი ივანიშვილის კომპანიას მხოლოდ 29 დეპუტატის თანხმობით გადასცეს. გარდა ამისა მამუკა ახვლედიანი გუდიაშვილის ქუჩასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კანონის მიხედვით მსგავსი ტერიტორიის გასხვისება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც ის ფუნქციურ დანიშნულებას დაკარგავს, გუდიაშვილის ქუჩის შემთხვევაში კი ეს ასე არ არის. დეპუტატები მთავარი პროკურორისგან ამ დარღვევების გამოძიება მოითხოვენ. ელენე ხოშტარიამ და მამუკა ახვლედიანმა შესაბამისი მიმართვა მთავარ პროკურატურაში დღეს შეიტანეს.

„რეგლამენტის და საქარველოს კანონის სრული დარღვევებით მოხდა საკრებულოს სხდომის ჩატარება. არ დაუშვეს მოქალაქეები და საქართველოს პარლამენტის წევრები, რამაც დაარღვია საკრებულოს მთავარი პრინციპი, საჯაროობა. ეს არის დანაშაული და ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. რაც ყველაზე მთავარია, თბილისის მთავრობამ და თბილისის საკრებულომ  მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. გაასხვისეს ქონება, კერძოდ გუდიაშვილის ქუჩის სავალი გზის ნაწილი, რომლის გასხვისების უფლება არ აქვს თბილისის მუნიციპალიტეტს და თუ მიიღებს ასეთ უფლებას მანამდე არსებობს რამდენიმე გარემოება. ესენია: გაუსხვისებელმა ქონებამ, ამ შემთხვევაში გზამ, უნდა დაკარგოს ფუნქცია, გუდიაშვილის ქუჩას კი არ გაუკარგავს ფუნქცია; უნდა იყოს დასაბუთებული გასხვისების აუცილებლობა, რაც ასევე არ ყოფილა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს დეპუტატების ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი გადაწყვეტილების მიღებას, გადაწყვეტილება მიღებული იქნა უკანონოდ 29 ხმით. ყველა მომნეტში, ყველა მოქმედი კანონმდებლობა დარღვეულია და ბუნებრივია საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება და საჯარო რეესტრმა არ უნდა მოახდინოს ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. უმრავლესობის დეპუტატებმა ჩვენგან გაიგეს, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთში შედის გზა და გუდიაშვილის ქუჩის ნაწილი, წარმოდგენა არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, ასე რომ მათ მიიღეს სრუალიად გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ თბილისის მერიამ დანაშაულებრივად წარმოადგინა საკრებულოში საკითხი.„ - ამბობს მამუკა ახვლედიანი.

ევროპული საქართველოს წერვები ამბობენ, რომ ისინი სამართლებრივად იბრძოლებენ, რომ პუშკინის სკვერის გადაცემა უკანონოდ არ მოხდეს ივანიშვილისათვის. 

„ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ პროკურატურა რამე ცალკე მდგომი სისტემა არის და არ ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ეს უბრალოდ არასწორი კი არ არის, არამედ ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ჩაიდინა საკრებულოს პუშკინის სკვერის გასხვისების პროცესში და ჩვენ სამართლებრივადაც და ყველა გზით ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ეს არ შედგეს. ამის საფუძველზე პირველ რიგში უნდა დაიწყოს გამოძიება და მეორე, რეესტრს არ აქვს უფლება ჯერ, დაარეგისტრიროს ეს გასხვისების აქტი და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.“ - ამბობს ხოშტარია.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა მიწების გადაცემაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთაზე 0.44 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილის საკუთრება გახდა. გარდა ამისა, საკრებულომ ივანიშვილისთვის თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის 1 ლარად გადაცემასაც დაუჭირა მხარი. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ივანიშვილის კომპანია ადგილზე 30-ადგილიან ავტოსადგომს მოაწყობს. თუ ივანიშვილი აღნიშნულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მას ჯარიმის სახით 100 ლარი დაეკისრება.

ორივე ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ნაწილი იქნება. თაბორის მთაზე 29.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილმა 2016 წელს 6.3 მილიონ ლარად იყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს.

არსანშნავია, რომ ჩატარებული სხდომის არალეგიტიმურობაზე არასამტავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, თბილისის საკრებულოს სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს.

საკრებულოს სხდომის დახურვის გადაწყვეტილება თავმჯდოამრემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიიღო და გადაწყვტილების მიზეზად სხდომის ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის მცდელობა დაასახელა. 

კომენტარები