დაპირისპირება საკრებულოსთან

კვირიკაშვილი: თბილისისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია დანაშაულად უნდათ რომ მონათლონ

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი გუშინ საკრებულოსთან მომხდარ დაპირისპირებას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად, მშვიდობიანად არჩევნების ჩარატარებას და მათ ვინმე ხელს უშლის აზრის გამოხატვაში. კვირიკაშვილის თქმითვე, გუშინ სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს უფლება, რომ ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა.

"გუშინ საკრებულოს წინ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ყველამ ვიხილეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანი არის ის, რომ არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად, მშვიდობიანად არჩევნების ჩარატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. ვფიქრობ, რომ ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს უფლება, რომ ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს. სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან რომ სხდომა დახურეს და ამ დროს პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სხდომის ტრანსლაცია, დამთავრებული იმით, რომ ერთერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად და ვფიქრობ, რომ ეს სიცრუეც ყველამ დაინახა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მათაც მინდა იცოდნენ კარგად, რომ დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით." - ამბობს კვირიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველებსა და ენმ-ის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე შესვლა სურდათ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა. გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომას მხოლოდ მედია და საკრებულოს წევრები დაესწრებოდნენ, გიორგი ალიბეგაშვილმა მიიღო. 

სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის 1 ლარად გადაცემის საკითხი, ასევე თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის საკითხი დაამტკიცეს. ოპოზიცია სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგებოდა. 

გუშინ საკრებულოსთან აქცია ევროპული საქართველოს წევრებმაც გამართეს და საკრებულოს სხდომაზე დასწრება მოითხოვეს, თუმცა საკრებულოს წინ მობილიზებულმა სამართალდამცავებმა შენობაში შესვლის უფლება არც მათ მისცეს. 

კომენტარები