წმიდა სინოდის სხდომა

შესაძლოა, მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ეპისკოპოსი მონასტერში დაბრუნდეს

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

ტაბულას რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროს ინფორმაციით, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელმაც ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დატოვა და რომელიც ბოლო დრომდე რუსეთში იმყოფებოდა, წმიდა სინოდმა უეპარქიოდ, სამღვდელმთავრო მართვის სადავეების გარეშე, მონასტერში განამწესა (წყაროთა ნაწილის ცნობით - ფოკის მონასტერში). 

გასული წლის აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ეპარქიის მრევლს, ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ამბიონიდან განუცხადა. ქორეპისკოპოსმა თეოდორემ, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა ეპარქიას, განმარტებები არ გააკეთა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ კათედრის დატოვების მიზეზები არ გამოეძიებინათ.

მიტროპოლიტი სერაფიმე გათავისუფლების შემდეგ ათონის მთაზე წავიდა. სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში შეკრებილ მრევლს, მეუფე სერაფიმემ განუცხადა, რომ "ჩემი სურვილია დავრჩე ათონის მთაზე, ერთი რამ მინდა განგიცხადოთ, შინაურულად, მე რომ ცოცხალი ვარ, მადლობა შესწირეთ უწმიდესს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც ვიცოდი ბავშვობიდან, რომ ჩვენი უწმიდესი არის ცოცხალი წმინდანი", - თქვა მეუფე სერაფიმემ. 

სინოდის განჩინების გარეშე, ათონიდან დაბრუნებულ მიტროპოლიტ სერაფიმეს ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში ნიშნავდნენ, თუმცა, ადგილობრივმა მღვდლებმა ეპისკოპოსის მიღებაზე უარი განაცხადეს მის მიმართ არსებული "უმძიმესი ბრალდებების გამო".

"გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის", - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელსაც ხელს სამი სასულიერო პირი აწერდა.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ მიტროპოლიტმა სერაფიმემ თავად თქვა უარი ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში გამგზავრებაზე, ის ბოლო პერიოდამდე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პატრიარქთან ერთად სწირა. (მარჯვნივ ფოტოზე)

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა და მოსკოვის პატრიარქი კირილი


მიტროპოლიტ სერაფიმეს, ბორჯომში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. ოჯახის ბრალდებების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა.

ნახეთ სტატია:

პედოფილია, მეუფე სერაფიმე და საეკლესიო წყლულები

კომენტარები