ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი: ვლადიმერ პუტინი კიბერ ცივ ომს აწარმოებს

Jack Taylor / Getty Images

ჰილარი კლინტონი ინგლისში თავისი წიგნის "რა მოხდა"-ს წარსადგენად მოგზაურობს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

კლინტონის თქმით ბრექსითის რეფერენდუმი დიდი ტყუილის საფუძველზე ჩატარდა და ვლადიმერ პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ "კიბერ ცივ ომს" აწარმოებს.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსი აგენტები იყენებდნენ Facebook-ს, YouTube-ს, Twitter-ს და Pinterest-საც კი, რათა განეთავსებინათ რეკლამები და ნეგატიური ისტორიები რომელთა მიზანიც იყო არა მხოლოდ ჩემთვის ზიანის მოყენება, არამედ ჩვენს ქვეყანაში დაყოფის გაღვივება."

"ახლა როდესაც ვუყურებ ბრექსითის რეფერენდუმს, ეს რაღაც მხრივ იყო ადრეული სიმპტომი იმისა, რაც ჩვენ დაგვემართა ამერიკის შეერთებულ შტატებში." თქვა კლინტონმა. მან ბრიტანეთს მოუწოდა ტრამპთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისას სიფრთხილე გამოიჩინოს რადგან მისი თქმით ტრამპს თავისუფალი ვაჭრობის არ სჯერა.

კლინტონმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ქალებს, ვინც ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც დემოკრატიული პარტიის დონორი იყო, სექსუალურ დაძალობაში დაადანაშაულეს და მის ქმედებებს ამაზრზენი უწოდა.

კლინტონმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმაც აღიარა სექსუალური შევიწროება და ქალთმოძულეობის დიდი ისტორია აქვს, თუმცა მისი მხარდამჭერები მაინც კომფორტულად გრძნობენ თავს როდესაც ის ოვალურ ოფისშია.

კლინტონის თქმით ზოგიერთმა დემოკრატმა მას მოუწოდა დამარცხების შემდეგ ჩუმად ყოფილიყო, თუმცა ის წასვლას არ აპირებს.

კომენტარები