არჩევნები 2017

კალაძე: არასამთავრობოების სახით სიცრუის პროპაგანდისტული მანქანაა ჩართული

Kakha Kaladze/Fb.com

კახა კალაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციას მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების შესახებ სიცრუეს უწოდებს. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით მიზანმიმართული პროპაგანდისტული მანქანაა ჩართული. 

"ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ტყუილი. სამწუხაროა, რომ მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდისტული მანქანა ჩართულია იმ კონკრეტული არასამთავრობოების სახით, რომელზეც თქვენ საუბრობდით. ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს. ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დღეს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია. თუ კონკრეტულ კანდიდატებთან ხალხი არ გამოდის შეხვედრაზე, ეს ქართული ოცნების და ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. შესაბამისად, შეეხება იმ ცრუ ბრალდებებს, პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კალაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ დღეს ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემური სწორედ ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იყო. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად ყველა რეგიონში, ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება ხდებოდა. 

კომენტარები