პრემია

დავით ნარმანიას მოადგილეები მერზე თითქმის ორჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ

ტაბულა

დავით ნარმანიამ 2016 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 38.1 ათასი ლარი გამოიმუშავა, ამის შესახებ მერის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ხდება ცნობილი. 

დეკლარაციები შევსებული აქვთ მერის მოადგილეებსაც, საიდანაც ირკვევა, რომ მათ ნარმანიაზე თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი აქვთ. სინამდვილეში მერის მოადგილის ხელფასი მერის ხელფასზე ნაკლებია, თუმცა, ნარმანიას მოადგილეები მათ სახელზე გამოწერილი ყოველთვიური დანამატებით იმაზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე მერი იღებს.

"სახელფასო ანაზღაურება ისევე როგორც ძალიან ბევრ სტრუქტურაში, მერიაშიც მერის მოადგილეების პოზიციაზე, სამსახურების ხელმძღვანელებისა და სხვა პოზიციაზე მთლიანი ანაზღაურება შედგება როგორც ხელფასისგან, ასევე დანამატისგან, რომელსაც ჩვენ ყოველთვიურად ვიღებთ", - რუსთავი 2-თან ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მერიამ მერის მოადგილეების მიერ აღებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მერის მოადგილეებმა გასულ წელს მხოლოდ და მხოლოდ 7 200 ლარის პრემია აიღეს. ამავდროულად ნათქვამია, რომ წარსულში უწყებაში მეტი პრემიები გაიცემობდა. თუმცა საინტერესოა, რომ მერიის განცხადებაში ერთი სიტყვა არაა ნახსენები გაზრდილ დანამატებზე, რომლებსაც მერიაში იღებენ და რომელიც პრაქტიკულად იგივე დატვირთვას ატარებს, რასაც პრემია.

იმაზე რომ დანამატები პრემიებს ანაცვლებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც მიუთითებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საჯარო მოხელეებზე გაცემულმა დანამატებმა 251 მილიონი, პრემიებმა კი 67 მილიონი შეადგინა.

2014-2016 წლებში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების და დანამატების დინამიკა ასე გამოიყურება:

პრემიები

  • 2014 - 106 მილიონი ლარი
  • 2015 - 73 მილიონი ლარი
  • 2016 - 67 მილიონი ლარი

დანამატები

  • 2014 - 182 მილიონი ლარი
  • 2015 - 230 მილიონი ლარი
  • 2016 - 251 მილიონი ლარი

კომენტარები