ღვინის ექსპორტი

დავითაშვილი: რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს

ტაბულა

"რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს", - ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან 52.7 მილიონი ბოთლი ღვინო არის ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 63%-ით მეტია.

მთლიანი ექსპორტიდან 33.2 მილიონი ბოთლი რუსეთზე მოდის, რაც ექსპორტის 62.9%-ია. რუსულ ბაზარზე წელს ექსპორტი მთელი 95%-ით არის გაზრდილი.

ლევან დავითაშვილის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩინურ ბაზარზე არსებული ზრდის ტენდენცია, წელს ჩინეთში უკვე ექსპორტირებულია 5.5 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 44%-ით მეტია.

ქვეყნების მიხედვით ექსპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 33.2 მილიონი ბოთლი
  2. ჩინეთი - 5.5 მილიონი ბოთლი
  3. უკრაინა - 5.3 მილიონი ბოთლი
  4. ყაზახეთი - 2 მილიონი ბოთლი
  5. პოლონეთი - 1.8 მილიონი ბოთლი

ამასთან, მსოფლიოს 22  ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  84%-ს აღწევს.

 საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 83%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.

კომენტარები