არჩევნები 2017

ცესკო წინასწარი შედეგების გამოცხადებას 02:00 საათიდან ვარაუდობს

ანა მიქელაძე
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადება სავარაუდოდ, 02:00 საათიდან დაიწყება.

ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე უწყების სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

"2014 წლის გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, პირველადი შედეგების გამოცხადება მოხერხდა 02:00 საათის შემდეგ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია ამ დროიდან დავიწყოთ შედეგების გამოცხადება. ჩვენ გვაქვს ანალოგიური მოლოდინი, თუმცა სამი სახის ბიულეტენია და მას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო დასათვლელად", - აცხადებს მიქელაძე.

მისივე თქმით, ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა კენჭისყრის პროცესი და უკვე დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.

"საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შედგენის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადებში მიეწოდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. საოლქო საარჩევნო კომისიებმა სამი სახის ბიულეტენი უნდა დაითვალონ და შესაბამისად, შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი. შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მოხდება ცესკოში არსებული შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების შედეგები შეჰყავთ სპეციალურ პროგრამაში", - განაცხადა მიქელაძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. საქართველოს მოქალაქეებმა 64 საკრებულოს 2058 წევრი აირჩიეს. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იყო.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებული იყო 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობდა 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები