საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე: ქვეყანა ზომიერ ისლამს უნდა დაუბრუნდეს

AFP/Getty Images

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ზომიერ ისლამს უნდა დაუბრუნდეს და საერთაშორისო საზოგადოებას ტრანსფორმაციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

Guardian-თან ინტერვიუში მუჰამედ ბინ სალმანმა თქვა, რომ ულტრა-კონსერვატიული სახელმწიფო ბოლო 30 წლის განმავლობაში "ნორმალური არ ყოფილა" და ეს მკაცრ დოქტრინებს დააბრალა, რომლებიც ირანის რევოლუციის შემდეგ საზოგადოების სამართავად შემოიღეს, თუმცა არ იცოდნენ როგორ გამკლავებოდნენ.

"რაც მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში არ არის საუდის არაბეთი. რაც მოხდა რეგიონში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ არის ახლო აღმოსავლეთი. 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ხალხს სურდა ამ მოდელის გადაღება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საუდის არაბეთში. ჩვენ არ ვიცოდით როგორ გავმკლავებოდით მას და პრობლემა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ახლა დროა თავიდან მოვიშოროთ ის."

ტახტის მემკვიდრემ ინტერვიუმდე ინვესტიციის კონფერენციაზეც ისაუბრა, სადაც 500 მილიარდიანი პროექტი დაანონსა. პროექტი საუდის არაბეთის, იორდანიისა და ეგვიპტის საზღვარზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გულისხმობს.

"ჩვენ დიდი ოცეულის წევრი ქვეყანა ვართ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ჩვენ სამი კონტინენტის შუაში ვართ. საუდის არაბეთის უკეთესობისაკენ შეცვლა ნიშნავს რეგიონის დახმარებას და მსოფლიოს შეცვლას. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ აქ. და იმედი გვაქვს რომ ყველა მხარს დაგვიჭერს." თქვა მუჰამედ ბინ სალმანმა კონფერენციაზე.

"ჩვენ მხოლოდ ვუბრუნდებით იმას, რასაც მივსდევდით - ზომიერ ისლამს, ღიას მსოფლიოსა და ყველა რელიგიისათვის. საუდის არაბეთის მოსახლეობის 70% 30 წელზე ნაკლებისაა. გულახდილად, ჩვენ ჩვენი ცხოვრების 30 წლის დახარჯვაც არ მოგვიწევს იმისათვის, რომ ექსტრემისტულ იდეოლოგიას ვებრძოლოთ, ჩვენ მას ახლავე და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ." განაცხადა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ.

კომენტარები