ტინდერი

რამდენად პოპულარულია საქართველოში გასაცნობი აპლიკაცია - ტინდერი?

tinder.com

ტინდერი ონლაინ გაცნობის აპლიკაციაა, რომელსაც დღესდღეობით მსგავსი ტიპის აპლიკაციებს შორის ყველაზე ხშირად იყენებენ.

ტინდერის გამოყენების წესი მარტივია - მომხმარებელმა უნდა შექმნას პროფილი, სადაც ის საკუთარ მონაცემებს მიუთითებს. ამის შემდეგ, ალგორითმი მომხმარებელს სთავაზობს მისი მსგავსი ინტერესებისა და ლოკაციის ადამიანს. მას შემდეგ, რაც ორივე მომხმარებელი ერთმანეთს "მოიწონებს", მათ შეუძლიათ რომ ერთმანეთს მიწერონ და მათი სურვილის შესაბამისად შეხვდნენ.

რამდენად პოპულარულია ტინდერი საქართველოში?
 

ტინდერის გამოყენების ოფიციალური სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით არ არსებობს, თუმცა ცნობილია ტოპ 20 ქვეყანა, სადაც გაცნობის აპლიკაციას ყველაზე ხშირად იყენებენ. მათში საქართველო არ შედის.

ტაბულა ონლაინ გაცნობის აპლიკაციის რამდენიმე მომხმარებელს ესაუბრა და კითხა: რამდენი ხანია რაც ტინდერს იყენებენ, რა მიზნით და გაიცნეს თუ არა ვინმე. 

გაეცანით ქართველი მომხმარებლების გამოცდილებებს.

გიორგი, 30 წლის 

"ტინდერის გამოყენება სამი წლის წინ დავიწყე, გრძელვადიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, პერიოდულად ვიყენებ თუ ვინმეს არ ვხვდები. ძალიან მარტივი და ხარისხიანი ფილტრია, გოგოს ინტერესების გასაგებად, იმის თავიდან ასაცილებლად, რომ უშუალოდ ურთიერთობის პროცესში არ გაიგო, რომ გოგონას ამ ქვეყნად მხოლოდ ქალაქის ჭორები ან თქვენი ჰოროსკოპების თავსებადობა აინტერესებს. გაცნობებს რაც შეეხება, ერთი ღამის ურთიერთობების გარდა, რამდენიმე კარგი მეგობარიც შევიძინე."

მარიამი, 21 წლის

"გავაკეთე 2016 წლის ზაფხულში, ერთი წლის წინ, მაგრამ მხოლოდ 2 კვირით გამოვიყენე, რადგან ერთი ბიჭი გავიცანი, რომელიც ჩემი შეყვარებული იყო 10 თვის განმავლობაში. 2017 წლის ივნისში ისევ გავაკეთე, მწირი არჩევანის და არარსებული ქართველი ნაშობის გამო. მხოლოდ უცხოელები გავიცანი, დაახლოებით 3-4. აქედან ერთ-ერთთან ერთად მადრიდში ვიყავი, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დავშორდით."

გია, 25 წლის

"ტინდერი 2 წლის წინ გავაკეთე და მხოლოდ გასართობად, რამდენიმე თვე ვიყენებდი. ერთი გოგო გავიცანი, რომელსაც ცოტა ხანი ვხვდებოდი. ჩათის ფორმატი დიდად არ მომწონდა, ამიტომ გამოყენებას თავი დავანებე. დღეს, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ხანდახან გასართობად ვიყენებ და ვხალისობ."

ირინა, 23 წლის

"ტინდერის გამოყენება იმიტომ დავიწყე, რომ ჩემმა დაქალმა მითხრა სიმპატიური უცხოელები არიან ტურისტულ სეზონებზეო. სიმართხლე გითხრა, ტინდერს მხოლოდ ძილის წინ გართობის მიზნით ვიყენებდი, სურათების მარჯვნივ და მარცხნივ გადაწევა-გადმოწევით ვერთობოდი და მეძინებოდა. ერთხელ ვნახე ერთი ბიჭი, ნორვეგიელი, სახელი არც კი მახსოვს და იქიდან გამომდინარე რომ ტურისტი იყო, არაფერი არ იცოდა საქართველოზე მოვატყუე, რომ მსახიობი ვარ-მეთქი. ის ერთი დღე სანამ თბილისი შემოვატარე ის ადამიანი ვიყავი, ვინც მინდოდა რომ ოდესმე გავმხდარიყავი. ეგ იყო პირველი და უკანასკნელი ტინდერ დეითი, იმიტომ კი არა რომ ტეხავს, ან მრცხვენია, უბრალოდ უფრო სიღრმისეული გრძნობები და ურთიერთობები მიზიდავს. ეგ არის და ეგ. ახლაც ხანდახან რომ დავწვები და არ მეძინება ჩავრთავ ტინდერს, თავს ვირთობ.

სალომე, 21 წლის

"ტინდერს 1-2 თვე ვიყენებდი, გაცნობით არავინ გამიცნია. საკუთარ თავს ვცდიდი, მაინტერესებდა როგორი სტილის ადამიანები მომწონდა ფიზიკურად და ასევე ამავე "სტილის" ადამიანებსაც მოვწონდი თუ არა. მეტი არაფერი."
 

კომენტარები