აზარტული თამაშები

21 წლამდე პირებისთვის კაზინოები, ტოტალიზატორები და ონლაინ-კაზინოები იკრძალება

Reuters

21 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები ეკრძალებათ, შესაბამის ცვლილებას ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ აღნიშნული რეგულაციის მიღების შემთხვევაში საქართველოს ათობით ათას მოქალაქეს კაზინოებში, ონლაინ-კაზინოებსა და ტოტალიზატორებში თამაშის უფლებას დაკარგავს. შესაბამისად ცვლილება აზარტული თამაშების სექტორის მომხმარებელთა რაოდენობას იძულებით შეამცირებს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედებს, რადგანაც ახალგაზრდები აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვებიან. აღნიშნული კანონპროექტი მოთამაშეთა ერთიანი ბაზის შექმნასაც ითვალისწინებს, რაც სამინისტროს განმარტებით თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

რა ზომისაა საქართველოს აზარტული თამაშების სექტორი:

2016 წელს კაზინოებისა და ტოტალიზატორების ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2015 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ ტოტალიზატორებზე მაღალი ბრუნვა კაზინოებს აქვთ.

ყველაზე დიდი 76%-იანი ზრდა სათამაშო ბიზნესს 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ინდუსტრიის ზომამ 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია. 

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 138 ბიზნესია რეგისტრირებული, რომელიც აზარტული თამაშების ორგანიზებითაა დაკავებული. ამ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 6.5 ათასია.

სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია, თუმცა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობა წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც მათთვის გაზრდილ გადასახადებს უკავშირდება.

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო ცვლილებები, რომელსაც სათამაშო ინდუსტრია თავის დროზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გაზრდილი მოსაკრებლების პირობებში 2017 წლის პირველ ნახევარში სათამაშო ბიზნესი უკვე 145 მილიონი ლარით დაიბეგრა, ეს 2016 წლის სრულ მაჩვენებლებს 33%-ით აღემატება.

კომენტარები