სექსუალური შევიწროება

რას ყვებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები

სექსუალურ შევიწროებას კანონი დღემდე არ არეგულირებს - რა სამართლებრივი ბერკეტი რჩება მსხვერპლს და რა აკავებს მას ამბის გამხელისგან

გაფრთხილება: მასალა შეიცავს ნატურალისტურ დეტალებს

ელენე, 21 წლის:

ტელევიზიაში 1 თვის მისული ვიყავი. როგორც ყველა იწყებს - სტაჟიორად. მე და ოპერატორი ერთ-ერთი სამინისტროს მიერ მოწყობილ მედია ტურზე გაგვიშვეს. საღამოს, სასტუმროში დაბინავების შემდეგ, როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე, ყველა ჟურნალისტი და ოპერატორი ერთად შევიკრიბეთ და დავლიეთ, ვილაპარაკეთ, ვიმხიარულეთ. რაღაც ეტაპზე, ჩემმა ოპერატორმა მთხოვა, წამოდი, ჩემი ფოტოაპარატი წამოვიღოთ სამახსოვრო ფოტოებისთვისო. ამაში უცნაურად არაფერი მომჩვენებია, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მთელი დღე ამით იყო დაკავებული. გავყევი. სასტუმროს ოთახში კართან შევდექი, რომელიც ღია იყო. ის თავის ფოტოაპარატს ეძებდა, მე ველოდი. უცბად შემოტრიალდა, ზურგს უკან კარი მოხურა და კოცნა დამიწყო. შიშზე მეტად იმ წუთას გაოგნებას ვგრძნობდი. ვცდილობდი, მომეშორებინა, მაგრამ არა უხეშად, ჩავთვალე, რომ ალბათ, უბრალოდ, მოვწონვარ, გადაწყვიტა, რომ მეც მომწონს და კოცნა კარგ იდეად მიიჩნია-მეთქი, მაგრამ შარვლის ჩახდა დაიწყო. პირველი, რაც გამახსენდა ის იყო, რომ მოძალადე არ უნდა გამოიწვიო და მაქსიმალურად მშვიდმა იქვე მოფიქრებული ტყუილი ვუთხარი, მენსტრუაცია მაქვს და არ გამოვა-მეთქი.

- მაშინ მინეტი გამიკეთე, - მითხრა და ხელით ჩემი კისრის დაწევას შეეცადა. მე თავის გასწორება შევძელი და ისევ მშვიდად ვუთხარი "არა". ამის შემდეგ ისევ ამაკრა კარს და ისევ სცადა, ეკოცნა და როცა მივხვდი, რომ ყვირილი ერთადერთი გამოსავალი იყო, ხელები მოუდუნდა, ფეხზე კი თბილი სითხე ვიგრძენი. ზედ ჩემს შორტზე გაათავა.

აკანკალებული და ატირებული გამოვვარდი ოთახიდან. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვბანაობდი. ვერაფრით მოვიშორე განცდა, რომ ბინძური ვიყავი და ისტერიულად ვცდილობდი მომეშორებინა ჭუჭყი, რომელიც არ მქონდა.

მეორე დღეს ბოდიში მომიხადა. არაფერი მითქვამს. ერთ კვირაში გავიგე, რომ სამსახურიდან წავიდა.

-----

ამ ამბიდან ორ კვირაში გადაღებიდან გვიან მომიწია ოფისში დაბრუნება. მძღოლმა, რომელთანაც ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა (და რომელიც ჩემზე 25 წლით უფროსი იყო), შემომთავაზა, ტაქსით რატომ უნდა იბოდიალო ამ ღამით, შენი სახლისკენ მოვდივარო. დავთანხმდი. უცნობ ტაქსისტს, ცხადია, ჩემი მძღოლი მერჩივნა. თავიდან ხუმრობით დაიწყო - "საბარგულში შამპანური მაქვს", "სადმე გადავიდეთ, დავლიოთ". უფრო სწორად, მე მეგონა, რომ აქ ხუმრობდა, როგორც ვეხუმრებოდით ხოლმე ხშირად ერთმანეთს გადაღებებზე. მერე ცოტა უფრო სერიოზულად მკითხა, შეყვარებული გყავსო? არ მყავდა, მაგრამ გუმანით მივხვდი, რომ აუცილებელი იყო მეთქვა "კი". ვერაფერს გაიგებსო. ნახე, რა ლამაზი ღამეაო. მაგრა გესიამოვნებაო. ისევ მეგობრულად დავუწყე ახსნა, რომ არა, არ მომწონს და მინდა, რომ სახლში წამიყვანოს, ის კიდევ თავისას მიერეკებოდა და რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახლისკენ არ მიდიოდა. იცი, ვინ არის მამაჩემი-მეთქი, ვკითხე. რა მნიშვნელობა აქვს, მობილური გათიშული გაქვს და მაინც ვერავის მიაწვდენ ხმასო. იცოდა, რომ დამიჯდა და გაითიშა. ამ დროს ვიგრძენი მთელი სიცხადით, რა ხდებოდა ჩემს თავს. მივუტრიალდი და მოვუყევი, ვინ არის მამაჩემი, რა გაუკეთებია, რამდენი კაცი დაუჭრია, რა სახელი აქვს, რამდენი წელი იჯდა ციხეში და დავამატე:

"ადრე თუ გვიან, გათენდება და მე წავალ სახლში და ჩავრთავ მობილურს და დავურეკავ მამას და არავინ დარჩება ცოცხალი, ვინც გიყვარს. მანქანა მოაბრუნე".

შეშინდა. არაფერი უთქვამს, მაგრამ მანქანა მოაბრუნა. პირველივე შუქნიშანზე მანქანიდან გადმოვხტი. რაღაც მომაძახა, მიგიყვანდი ბოლომდეო, თუ მსგავსი.


ფოტო: commonlegalquestions.com

ნინო, 24 წლის:

ვიყავი 13-სა და 14 წელს შორის გაჩხერილი და ის კაცი იყო ასე 25 წლის. ყველაფერი "ახლობლურ" სიტუაციაში მოხდა. ის კაციც ოჯახის მეგობრის შვილი გახლდათ. ღვინო შემომთავაზა, არც არავინ ამიკრძალა.. ჭიქას ჭიქა დაემატა და მივხვდი, როგორ გულითადად ცდილობდნენ ჩემ დათრობას ის და მისი ძმაკაცი. სასმელზე უარის თქმა იყო და ცხოვრებაში პირველად სიმთვრალეც ვიგრძენი. მერე ხელი მომკიდა და კითხვის გარეშე “წამაპროწიალა” ძმაკაცის გასაცილებლად. ახლა დარწმუნებული ვარ რომ ეს გეგმის ნაწილი იყო.

არ მინდოდა არც მისი კოცნა და არც სხვა არაფერი. ახლაც დეტალებში მახსოვს ყველაფერი. გონება კარგად მიმუშავებდა, მაგრამ ტანი არ მემორჩილებოდა და ეს ჩემთვის სრულიად უცხო იყო. არასდროს მიგრძნია თავი ასე დაუცველად არც ადრე და არც ამ შემთხვევის შემდგომ. ის ჩემზე ბევრად დიდი, ძლიერი, და რა თქმა უნდა სიტუაციაში გარკვეული იყო. და გახდა ეს ჩემი პირველი კოცნაც და მიფათურ-მოფათურებაც.

ძალიან რთული იყო მისი კლანჭებიდან გათავისუფლება. დაყვირება მერიდებოდა, ბავშვი ვიყავი, ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა და მრცხვენოდა. ბოლოს საკმაოდ ხმამაღლა დავიწყე "არას" თქმა და გამიშვა, თუ მე გამოვიქეცი აღარც მახსოვს. შესაძლოა შეეშინდა, იმიტომ რომ საქართველოში რეალურად კანონდარღვევა ხომ "ვაგინალური პენეტრაციით" იწყება.

ისე დაბრუნდა სუფრასთან, თითქოს გვერდზე მაყვლების საჭმელად გამიწვია. იმ ღამეს კიდევ ორჯერ მომიცუცქდა სურვილების დასაკმაყოფილებლად. ამჯერად თავი სხვა ადამიანის შემოსვლით დავიძვრინე.

თუ არ ვცდები ამ კაცს ახლა ცოლიც ჰყავს და ალბათ არც არასდროს უფიქრია ამ შემთხვევაზე. შეიძლება მე ვიყავი პირველი ან მეასე, ვინ იცის?

ამ ამბის გადახარშვასაც რეალურად 11 წელი მოვანდომე და ახლაც უზომოდ გამიჭირდა ამის თქმა.

----------

საკუთარი ცხოვრების მძიმე გამოცდილების შესახებ რესპონდენტები ტაბულასთან ანონიმურად საუბრობენ. მათ არ სურთ მათი სექსუალური შევიწროების შესახებ იცოდნენ ოჯახებმა, მეგობრებმა. მათი სახელები სტატიაში შეცვლილია.

ელენე ამბობს, რომ მოძალადეს 3 წლის შვილი ჰყავს და მას უმამოდ ვერ დატოვებდა. გარდა ამისა, ჩათვალა, რომ ვერაფერს დაამტკიცებდა, რადგან ამ ადამიანებს სამსახურში კარგი რეპუტაცია აქვთ.

"მე 1 თვის წინ, არსაიდან მისული სტაჟიორი ვიყავი, რომელმაც არც კი ვუჩივლე ძალადობაზე. და ეს არ იყო ყველაფერი. რეალურად, მრცხვენოდა. მრცხვენოდა იმის, რომ ამდენად მიამიტი ვიყავი და ოთახში შევყევი. ვერავის ავუხსნიდი, რატომ გავაკეთე ეს ან რატომ არ დავიყვირე ან რატომ არ დავკაწრე. მერე ვფიქრობდი, კარგი ადამიანი ვიქნებოდი ბავშვი უმამოდ რომ დამეტოვებინა? და გადავწყვიტე, რომ არა, რადგან მამის გარეშე უფრო მეტი შანსი იქნებოდა ამ პატარა გოგოს ის გადაეტანა, რაც მე იმ ღამით. ან რაზე უნდა მეჩივლა? ფაქტობრივად, ძალადობა არ მომხდარა. ვერაფრით დავამტკიცებდი. არც მეორე შემთხვევაში მითქვამს არაფერი. მიზეზები იგივე იყო. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ქალებს, რომლებიც ჩუმდებოდნენ "არავინ დამიჯერებს" არგუმენტით. კარმა ცუდი რამ ყოფილა. ახლაც კი არ მყოფნის იმის გამბედაობა ეს ყველაფერი საკუთარი სახელი და გვარით ვთქვა და არა - ანონიმურად. დიდხანს, ძალიან დიდხანს არ ვუყვებოდი ამ ამბებს არავის. არც, მათ შორის, დედაჩემს, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე. დედა 16 წლის იყო, როცა გააუპატიურეს. მისი და 15-ის. ერთი დღით ადრე. მთელი მისი ცხოვრებისეული მიზანი ის იყო, იგივე არ გადამეტანა. რომ მომეყოლა, ჩათვლიდა, რომ ვერ დამიცვა", - ამბობს ელენე.


ფოტო: www.japantimes.co.jp

ნინომ ტაბულასთან 11-წლიანი დუმილი დაარღვია. ამბობს, რომ სიჩუმის მიზეზი სირცხვილის გრძნობა იყო.

"დავიბადე და გავიზარდე ქალაქში, ვიწრო და ასე თუ ისე ლიბერალურ წრეში. იმის ბედნიერებაც მქონდა უცხოეთში მიმეღო განათლება და მოკლედ რომ ვთქვათ, ვარ და ყოველთვის ვიყავი პრივილეგირებული. ვერც კი შევძლებ იმის წარმოდგენას რას განიცდიან ქალები რომლებიც იზიარებენ ჩემ და კიდევ ბევრად უარეს გამოცდილებას და რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი ოჯახის წევრები ჯორზე უკუღმა "შესასმელად" იმეტებენ. და მაინც თურმე როგორი შებოჭილი, დარცხვენილი და დაკომპლექსებული ვყოფილვარ მეც. იმისდა მიუხედავად, რომ ტაბუდადებულ თემებზე არასდროს მიჭირდა ღიად საუბარი, "მეც" მოძრაობის შემდეგ მივხვდი, რომ მეც, ამ პრობლემის ნაწილი ვარ. 11 წელი რეალურად მრცხვენოდა იმისა და ვდუმდი იმაზე, რაზეც არც სირცხვილი უნდა მეგრძნო და არც უნდა გავჩუმებულიყავი", - ამბობს ნინო.

რატომ ვერ საუბრობენ ამაზე?

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი ქალი გახდეს, თუმცა საქართველოში ეს კვლავ რჩება ტაბუდადებულ თემად, რომელზეც არ საუბრობენ. ქალები თავს დამნაშავედ გრძნობენ, რცხვენიათ და გაკიცხვის ან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.

"მსხვერპლის ფსიქოლოგია არის ის, რომ ადანაშაულებს საკუთარ თავს. ჩვენ ვცხოვრობთ სტერეოტიპულ საზოგადოებაში, სადაც მსხვერპლი უფრო ხდება გაკიცხვის საგანი, ვიდრე მოძალადე. გარდა ამისა, არის სტოკჰოლმის სინდრომი, როდესაც ყალიბდება მსხვერპლის მიჯაჭვულობა მოძალადეზე. თუმცა, ამასაც თავისი დრო აქვს და ეს უსასრულოდ არ გრძელდება. ვინაიდან, მსხვერპლის სიცოცხლე მოძალადის ხელშია, ის იწყებს თამაშს გადარჩენისთვის. ისინი ფიქრობენ - მე რომ ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვა, ვინ დამიდგება გვერდში, ვინ დამეხმარება? პირველ რიგში, ადამიანს უნდა ჰქონდეს სამართალდამცავი ორგანოების დახმარების იმედი", - ამბობს ორგანიზაცია "თანადგომას" ფსიქოლოგი, მაია ჯიბუტი.

რა არის სექსუალური შევიწროება?

ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მიხედვით, "სექსუალური შევიწროება მოიცავს არასასურველ, სექსუალური ხასიათის ქცევას, მათ შორის ფიზიკურ კონტაქტსა და სხვა მცდელობებს, სექსუალური შინაარსის მქონე განცხადებებს, პორნოგრაფიის ჩვენებასა და სექსუალური ხასიათის მოთხოვნებს; მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქცევა გამოხატული იქნება ვერბალურად თუ ქმედებით. ამგვარი პრაქტიკა დამამცირებელია და შესაძლოა, მან ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. დისკრიმინაციულია ქმედება, თუ ქალს აქვს გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნულის გაპროტესტება უარყოფით გავლენას მოახდენს მის სამსახურებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის სამსახურში აყვანასა თუ დაწინაურებაზე, ან როდესაც ასეთი ქცევა მას მტრულ სამუშაო გარემოს უქმნის".


ფოტო: jogja.tribunnews.com

მაგალითად, სექსუალურ შევიწროებად განიხილება: სიტუაციები, როდესაც სექსუალური შევიწროების მიღება ან უარყოფა ხდება ადამიანის სამსახურში დანიშვნის, კარიერული წინსვლის, ხელფასის გაზრდისა და ა.შ. საფუძველი; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; დასტვენა ან დასიგნალება;  სახელის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა მას შემდეგ, რაც ადამიანმა გარკვევით თქვა უარი, ან იგნორირება გაუწია ამ მოთხოვნას; შემფასებლური კომენტარები; ვულგარული ჟესტები; გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში; არასასურველი შეხება ან ხახუნი; სექსუალური ძალადობა და ა.შ.

სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს როგორც საჯარო სივრცეში, ასევე სამუშაო ადგილას.

საქართველოს კანონმდებლობა ამ ტერმინს არ ცნობს. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური შევიწროება განისაზღვროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, როგორც სამართალდარღვევა და ასევე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა.

"მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროება გავრცელებული პრობლემაა და ამას არაერთი კვლევა ცხადყოფს, მიმართვიანობა ამ საკითხებზე საკმაოდ დაბალია, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატისადმი. როდესაც სექსუალურ შევიწროებაზე ვსაუბრობთ, ერთი პრობლემაა მსხვერპლთან მოსახლეობის დამოკიდებულება, რის გამოც ისინი განმეორებითი დადანაშაულების, ვიქტიმიზაციის შიშით შესაბამის ორგანოებს არ მიმართავენ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ეფექტიანი მექანიზმები და საერთოდ მექანიზმები არ არსებობს, თუ ვინ და როგორ შეიძლება ეს შემთხვევა განიხილოს", - ამბობს ეკა სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატი სექსუალური შევიწროების შემთხვევებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ფარგლებში სწავლობს, თუმცა, არც ეს კანონი ითვალისწინებს სექსუალურ შევიწროებას, როგორც დისკრიმინაციის ფორმას.

ეკა სხილაძის ინფორმაციით, 2016 წელს სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების სულ ორ შემთხვევას განიხილავდა, როდესაც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ფარგლებში მიმართა განმცხადებელმა. ომბუდსმენმა ერთ შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა, ხოლო მეორე შემთხვევაში, სასამართლოს მიმართა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით.

სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას ითხოვს ქალთა მოძრაობა. საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა პეტიცია, რომლის მოთხოვნაა პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.


ფოტო: skywritingservice.com

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ტაბულასთან ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სექსუალური შევიწროების გამო ვინმე პატრულს გამოიძახებს, ის ვერაფერს გააკეთებს, რადგან ამის საშუალებას კანონი არ აძლევს.

"სექსუალური შევიწროება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად მას არ აქვს მტკიცების ტვირთის ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორც სხვა დანაშაულს. როგორც, მაგალითად, ხულიგნობის დროს ხდება ფაქტის დადგენა, იგივე სტანდარტი უნდა იყოს პოლიციის მხრიდან. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევაში უკვე კერძო დავაა და შეჯიბრებათობის პრინციპზეა. ბუნებრივია, გარკვეული მტკიცება სექსუალურ შევიწროებას სჭირდება, ამას თავისუფლად შეიძლება ჰყავდეს მოწმეები ან არსებობდეს ჩანაწერი. თუ შევიწროება ხშირი და განმეორებითია, მსხვერპლები, რომლებიც აპირებენ ჩივილს, აგროვებენ სამხილებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად", - ამბობს პატარაია.

ის ორ კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გავრცელებულია, თუმცა ქალები ამაზე არსებული ტაბუს გამო არ საუბრობენ.

"2014 წელს "ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" ჩაატარა გამოკითხვა თბილისის მეტროში და დაადგინა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველ მეორე ქალს ჰქონდა სექსუალური შევიწროების გამოცდილება მეტროში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან გავრცელებულია საჯარო სივრცეში. რაც შეეხება სამუშაო ადგილს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" 2015 წელს ჩაატარა კვლევა, სადაც მონაცემი იყო ძალიან დაბალი, თუმცა როდესაც ქალებს დაუკონკრეტეს სექსუალური შევიწროების ფორმები, პასუხები დადებითი იყო. სახელს ვერ არქმევენ იმ უსიამოვნო გამოცდილებას, არ ეძახიან ამას სექსუალურ შევიწროებას. გარდა ამისა, ძლიერია ტაბუ, სირცხვილი და ქალები ამას ითმენენ. თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევაა, როდესაც ვიღაცა ამაზე ჩივის. განა იმიტომ, რომ არ ხდება, ჩვენს კულტურაში ეს ქალისთვის სირცხვილად ითვლება, ისევ მას ბრალდება და ამჯობინებენ საერთოდ არ ამოიღონ ხმა. პრობლემა არის მწვავე, საჭიროებს მყისიერ გადაწყვეტას და ამიტომ, ჩვენ ბეჯითად ვახსენებთ სახელმწიფოს, რომ დროა მივიღოთ კანონი და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ გადავდოთ", - ამბობს ბაია პატარაია.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო იზიარებს საკანონმდებლო ცვლილებების იდეას. საბჭოს ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ცვლილებების მიმდინარე წლის ბოლომდე ინიცირების იმედი აქვს.

"სექსუალური შევიწროების თემა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში არის გაწერილი წელს, როგორც აღმოსაფხვრელი პრობლემა, საკანონმდებლო რეგულაციას ვგულისხმობ. საბჭო ამ საკითხზე მუშაობს, ჩვენ გვაქვს შემუშავებული დოკუმენტიც, კვლევა, რომელსაც ეს ცვლილება უნდა დაეფუძნოს. ბევრ თემაზე ვმუშაობთ პარალელურად და ერთ-ერთი საკითხი ეს არის ნამდვილად. გავეცანით პეტიციას და ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი წინადადების სამართლებრივი დახვეწა შეიძლება, თუმცა თემის პრობლემურობას სრულიად ვიზიარებთ და ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მოვახერხებთ და წლის ბოლომდე დავაინიცირებთ ცვლილებებს", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.


ფოტო: techcrunch.com

ადამიანები, რომლებიც სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას ითხოვენ, მიიჩნევენ, რომ შედეგად ამაღლდება ცნობიერება და უკეთესად იქნება შესაძლებელი შევიწროების გამოვლენა,  ასევე, სამართალდამცავ სტრუქტურებს გაუადვილდებათ კანონის გამოყენება აშკარა სექსუალური შევიწროების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს კონვენციას ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის შესახებ, ე.წ. "სტამბოლის კონვენციას", რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება უნდა მოხდეს.

კომენტარები