ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა

facebook.com/GigiTsereteliOfficial

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა. გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოს ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ის უფრო აქტიურად და ქმედითად დააყენებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების საკითხებს.

პარტია ევროპული საქართველო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი ასეთ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი კრისტენ მუტონენი და მისი პარტია ავსტრიაში არჩევნებში დამარცხდა, შესაბამისად, ის აღარ არის ავსტრიაში პარლამენტარი და აღარ აქვს უფლება, შეასრულოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობა.

ეუთოს წესების მიხედვით და ასამბლეის რეგლამენტის მე-5 პარაგრაფის მერვე პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს მოვალეობები, ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ყველაზე ხანგრძლივად ნამსახურები და არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი შედეგი, ხდება პრეზიდენტი, მომდევნო არჩევნებამდე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტებიდან ეს კრიტერიუმები ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა დააკმაყოფილა და შესაბამისად, სწორედ ის გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

კრისტენ მუტონენი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გასულ წელს აირჩიეს, მაშინ გიგი წერეთელი მასთან მცირე უპირატესობით დამარცხდა. მუტონენს გამარჯვებისთვის მეორე ტური დასჭირდა. ეუთოს სესია გასულ წელს საქართველოში ჩატარდა და გიგი წერეთელი პრეზიდენტობის კანდიდატად ევროპის სახალხო პარტიამ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან შარშან გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს და მიზეზად დაასახელეს, რომ წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები  2018 წლის ივლისში გაიმართება და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ბერლინი უმასპინძლებს.

კომენტარები