საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რას გეგმავს მმართველი გუნდი

მთავრობის ადმინისტრაცია

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები რომ იგეგმება, უკვე პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა. ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრის ხვალინდელი ბრიფინგი დააანონსა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება გახდება საჭირო. 

დაგეგმილ ცვლილებებზე კვირიკაშვილი ხვალ, 11 საათზე ისაუბრებს.

ვერსიები, ვინ შეინარჩუნებს პოსტს და ვინ გადაინაცვლებს სხვა უწყებაში, მედიით მთელი დღეა, ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, სამინისტროების რიცხვი 18-დან 13-მდე შემცირდება. 

ერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები; ერთი უწყება გახდება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროებიც;

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება, კულტურის სამინისტრო კი - სპორტისას

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდება და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს: გავრცელებული ცნობებით, სასჯელაღსრულების მინისტრი, კახი კახიშვილი ახალ სახელმწიფო საგამოძიებო უწყებას უხელმძღვანელებს;

ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყების მინისტრი მოქმედი ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. 

სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტს მიღმა დარჩება გიორგი მღებრიშვილი. 

კომენტარები