ექსპორტის წახალისების სააგენტო

მთავრობა ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ქმნის

ტაბულა

საქართველოს მთავრობა ახალ უწყებას ქმნის, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს სუბსიდიებს მიაწვდის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, პარლამენტს უკვე წარედგინა.

ახალი სააგენტო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება და მისი თავდაპირველი ბიუჯეტი სავარაუდოდ, 20 მილიონი ლარი იქნება. სააგენტო იქნება სპეციალური საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებზე გრანტებსა და სადაზღვევო მომსახურებას გასცემს.

უწყების შექმნას საკანონმდებლო ბარიერი აფერხებს. ქვეყანაში მოქმედი "ფასიანი ქაღალდების შესახებ" კანონის მიხედვით, სახელმწიფო უწყებას არ აქვს უფლება ფლობდეს კომპანიას, რომელიც საფინანსო ბაზარზე ოპერირებს. ამ ბარიერის გადასალახავად მთავრობა კანონში წერს, რომ გამონაკლისის სახით ეს ნორმა "ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოზე" არ გავრცელდება.

"ექსპორტის საკრედიტო სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დაზღვევის ობიექტის დაზღვევა/გადაზღვევა, გასცეს გარანტიები და იკისროს თავდებობა, სოლიდარული თავდებობის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია საექსპორტო ოპერაციებთან, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, მათთან დაკავშირებული, მათ მიერ კონტროლირებადი ან კონტრაჰენტი კომპანიები (მათ შორის, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები) შესაძლებელია პირდაპირ ან არაპირდაპირ დაექვემდებარონ საზღვარგარეთ საქმიანობის ან საერთაშორისო ვაჭრობის დროს.

ზემოაღნიშნული საქმიანობის დაზღვევის მიზნით, მითითებული დაზღვევა და გარანტიები შესაძლებელია ასევე გაცემულ იქნას საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან/და საქართველოში ან/და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ კრედიტორებზე, მათ მიერ ნებისმიერი ფორმით გაცემული კრედიტებისათვის (მათ შორის სესხი, გარანტია, ფაქტორინგი, აკრედიტივი და სხვა საკრედიტო რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტები)",- წერია კანონპროექტში.

ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში უნდა გამართულიყო. უწყების შექმნის ინიციატივით გიორგი კვირიკაშვილი ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გამოვიდა. 

დღეისთვის უცნობია, თუ რა პირობებით მოხდება ექსპორტიორი კომპანიების დაკრედიტება, ასევე უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩევს სააგენტო იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სახელმწიფოსგან შეღავათიან კრედიტს მიიღებენ.

ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს შექმნის შემთხვევაში ქართველი გადასახადის გადამხდელები ფულს გადაიხდიან იმაში, რომ ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია უცხოეთის მოქალაქეთათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

კომენტარები