ნიკოლოზ მაქარაშვილი

"დაიჩოქეთ ქრისტეს წინაშე" - ბერი მაქარაშვილის მრევლი პოლიციას დაუპირისპირდა

რუსთავი 2

გუშინ ღამით, გამრეკელის ქუჩაზე ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. თავად მაქარაშვილმაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ხელი დაარტყა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე ბერმა სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა მანქანითაც სცადა. 

რამდენიმე ასეული პოლიციელი იმ სახლთან იყო მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ცხოვრობდა. უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინის მეპატრონემ ნიკოლოზ მაქარაშვილს სახლის დაცლა მოსთხოვა. მხარდამჭერების მტკიცებით, ბერს საპატრიარქოს დავალებით ასახლებენ.

"შეგვიშვით", "ქართველებო, დაიჩოქეთ ქრისტეს წინაშე, ქრისტე მობრძანდება!" - ამ შეძახილებით ცდილობდნენ მაქარაშვილის მხარდამჭერები სახლში შესვლას.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ბერმა და მისმა მრევლმა ტერიტორია დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი მისი ნაქირავები სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებს. 2017 წლის ზაფხულშიც, ისინი ძალის გამოყენებით შეეცადნენ სახლში შეღწევას. მაქარაშვილის მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ, ნიკოლოზ მაქარაშვილი სახლში შეეშვათ. მათთან მოლაპარაკება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებიც იყვნენ ჩართული.

ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი წმ.გაბრიელ ურგებაძის მოწაფე იყო. მას 20 წელზე მეტია, საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა. ერთი წლის წინ, მაქარაშვილი და მისი მომხრეები მეტროს ყველა ვაგონში სამლოცველო კუთხის მოწყობას ითხოვდნენ, რასაც საპატრიარქო გაემიჯნა.

კომენტარები