მუსტაფა ემრე ჩაბუქი

ჩაბუქი: მაბრალებენ იმას, რაც არ ჩამიდენია

cyc.ge

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - დემირელის კოლეჯის მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

სასამართლო პროცესები ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საქმეზე იმართება - დაცვის მხარე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც ჩაბუქს სტატუსზე უარი ეთქვა. 

„ჩემს მეგობრებთან ერთად 12 წელია, საქართველოს მომავლისთვის ვმუშაობ. არ ვარ მოძალადე ადამიანი, აქედან გამომდინარე, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. არც საქართველოში, არც თურქეთში არასდროს მიტარებია იარაღი და არ დამირღვევია კანონი. თურქეთში, სამწუხაროდ, ტყუილად მდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩამიდენია და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. არც იქ და არც აქ კავშირი არ მქონია ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ფეთჰულა გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს შემხვედრია. გიულენი დემირელის კოლეჯის დირექტორი არ არის, არც პატრონი, არც მეწილე და არც მისი დაფუძნებული არ არის. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველოც მიყვარს. თურქეთში, რა თქმა უნდა, არიან დამნაშავეები და ისინი უნდა დაისაჯონ. მე დანაშაული არ ჩამიდენია, მაგრამ მაბრალებენ, რომ ჩავიდინე," - თქვა  სასამართლო პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. აგვისტოში მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ 3 თვის ვადით გაახანგრძლივა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ დემირელის კოლეჯის დირექტორს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ. 

თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა.

კომენტარები