მუსტაფა ემრე ჩაბუქი

ჩაბუქის ცოლის წერილი წულუკიანს - არ გადასცეთ ჩაბუქი თურქეთს, მას იქ წამება ელოდება

cyc.ge

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს.

წერილში ჩაბუქის ცოლი იუსტიციის მინისტრს სთხოვს, ქართულმა მხარემ არ გადასცეს ემრე ჩაბუქი თურქეთს, რადგან ის იქ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იქნება.

ტაბულა ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგმართავთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული, ორი შვილის დედა, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ქალი, რომელიც დღეს მეუღლისა და ოჯახის საბოლოო განაჩენს საქართველოში ელოდება. ჩემი, ჩემი შვილებისა და მეუღლის, ფიზიკის პედაგოგის მუსტაფა ჩაბუქის ბედი დღეს თქვენს ხელშია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აღასრულოთ სამართლიანობა. მოგმართავთ და მჯერა, რომ თქვენ, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც ქვეყნის სამართლიანობის სადარაჯოზე ხართ, არ დაუშვებთ საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს დათმობდა. დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა. ჩვენი საბოლოო იმედიც თქვენსკენაა მოპყრობილი. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა და ამ იმედით ველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, თქვენს განაჩენს. მე კარგად მესმის რა მდგომარებაშია დღეს საქართველო. ვხვდები რამხელა ტვირთადაც შეიძლება იქცა ერთი კეთილი ადამიანი და მისი პატარა ოჯახი ამ ქვეყნისთვის…კარგად ვიცი, რამდენად რთულია გაუმკლავდე იმ წნეხს, რასაც თურქეთი ახორციელებს. თუმცა, მჯერა და ვლოცულობ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ვერაფერმა მოახდინოს გავლენა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დღეს, ალბათ, თითოეული ქართველი კარგად აანალიზებს, რომ აქ უდანაშაულო ადამიანის ბედი წყდება, ადამიანის, რომელსაც შეეძლო მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა საქართველოსთვის. 13 ივნისის წყალდიდობის დროს რიგით დამხმარედ მუშაობა, რუსეთთან ომის დროს დევნილების დაბინავება, გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ქართველი ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, სკოლებში არაქართველი ბავშვებისთვის ქართულად სწავლების პროგრამის დაფუძნება, ახალგაზრდა გამომგონებლების ხელშეწყობა - ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მუსტაფა ჩაბუქი უანგაროდ აკეთებდა საქართველოსთვის და მჯერა, გააგრძელებს კიდეც თუკი ამის საშუალებას თქვენ მისცემთ.

ქალბატონო თეა, მოგმართავთ თქვენი ქვეყნისთვის გულანთებული ერთი რიგითი ქალი, ქალი, რომელსაც ეიმედებით და თქვენი გადაწყვეტილების მოლოდინშია - არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება! ეს კი ჩვენი ოჯახის განადგურების ტოლფასია! მე უკვე სამშობლო წამართვეს, წამართვეს ოჯახის წევრები და მეგობრები, წამართვეს სახლი, გთხოვთ ნუ წამართმევთ იმედსაც და ერთს გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდებიან აცრემლებული შვილები... გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს, სიყვარულსა და ადამიანებს შორის მეგობრობას. დაუბრუნეთ ოჯახს მამა, სკოლას - პედაგოგი და საქართველოს - მეგობარი. დაგვიბრუნეთ სიკეთის რწმენა!", - აღნიშნულია თუბა ჩაბუქის წერილში.

ცნობითვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო 19 თებერვალს გნიხილავს.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება. მისივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. უარის მიღების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩაბუქის ადვოკატი, ვახტან კვიჟინაძე ამბობდა, რომ ქართული სასამართლოებისგან უარის მიღების შემთხვევაში, დავას ევროსასამართლოში გააგრძელებდა.

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღეს, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

კომენტარები