ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე

ჩვენ გვახსოვს საბი, ბიანკა, ზიზი - ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

მირანდა გორდეზიანი

ქუთაისში, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ხალხმრავალ ადგილებში შენობებზე შავი ნაჭრები გამოფინეს წარწერებით"ჩვენ გვახსოვს საბი ბერიანი, ბიანკა, ზიზი", "აღიარე ჩემი მკვლელობა".

20 ნოემბერი სწორედ ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში სიძულვილის მოტივით ბოლო წლებში 3 ტრანსგენდერი ქალი დაიღუპა:   

საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს მოკლეს. თავდამსხმელმა მას ჯერ დანით 9 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მის საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა. თავდასხმაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი სასამართლომ კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემასა და ბინისთვის ცეცხლის წაკიდების ნაწილში გაამტყუნა, განზრახ მკვლელობის ნაწილში კი გაამართლა. 

თავად ბიანკა შიგუროვა კი 2016 წლის 4 თებერვალს დაიღუპა. ის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპვის მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. 

2016 წლის 22 ნოემბერს კი თითქმის 40 დღის განმავლობაში უგონო მდგომარების შემდეგ საავადმყოფოში კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე გარდაიცვალა. 14 ოქტომბერს ის ორთაჭალის ტერიტორიაზე დაჭრეს. მას ჭრილობები თავისა და ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. 

ეს ჯგუფი ტლგბქ თემში ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ითვლება - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტად სწორედ ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობენ, მათ შორის ამერიკაშიც, სადაც 2017 წელს მათი გენდერული იდენტობის გამო, სიძულვილის მოტივით, 23 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს. ლგბტქ უფლებების დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ეს აშშ-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 

კომენტარები