სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

შს მინისტრი ახმედ ჩატაევზე დასმულ კითხვაზე: დაველოდოთ გამოძიების დასრულებას

გიორგი გახარია
ტაბულა

"ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას" - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, გუშინდელი სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა შორის არის თუ არა ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ახმედ ჩატაევი. ცნობისთვის, ჩატაევი, რომელიც აშშ-ს ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი, 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული 2012 წლის დეკემბერში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 18 იანვარს კი, "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო", მთავარმა პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

"დღეს არის მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძოება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, ჯობია, რომ თავი შევიკავოთ" - ამბობს შს მინისტრი.

კითხვაზე, რა კვალიფიკაცია მიენიჭება საქმეს, გიორგი გახარია პასუხობს, რომ "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც გამოძიება, ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება".

შს მინისტრის განმარტებითვე, "სპეცოპერაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ იყო გაწეული შეიარაღებული წინააღმდეგობა სამართალდამცველების მიმართ".

სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3". აღსანიშნავია, რომ მათ სუს-ი თავდაპირველად, "ტერორისტული დაჯგუფების" წევრებად მოიხსენიებდა.

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები