სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

"დანაშაულებრივი ჯგუფი" თუ "ტერორისტული ორგანიზაცია" - რა ვიცით სპეცოპერაციის შესახებ

0 კომენტარი

მას შემდეგ, რაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაცია დასრულდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". აღსანიშნავია, რომ წინა ბრიფინგზე, სუს-ი ეჭვმიტანილებს "ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს" უწოდებდა.

სუს-ის ინფორმაციითვე, "დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები" არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

"ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით" - აცხადებს სუს-ი.

კითხვაზე, "რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეჭვმიტანილები", სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ სუს-ი დამატებით ინფორმაციას უახლოესი დღეების განმავლობაში გაავრცელებს. ნინო გიორგობიანს ასევე კითხეს, "გარდაცვლილია სამოქალაქო პირი, მისი იდენტიცირება ხომ არ მომხდარა"?, რასაც მან იგივე პასუხი გასცა და ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის "მოგვიანებით" გავრცელებას დაპირდა. 

"მოგვიანებით" ანუ დაახლოებით ერთ საათში, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა კითხვებს ნაწილობრივ უპასუხა. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ იტყვის, რომელი ქვეყნის მოქალაქეები და რომელი დაჯგუფების წევრები იყვნენ სპეცოპერაციის სამიზნე პირები. გომელაური ასევე არ აკონკრეტებს, "ისინი ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან თუ არ არიან". კითხვაზე, რომ რამდენიმე საათით ადრე სწორედ მისმა უწყებამ გაავრცელა ტერორისტული დაჯგუფების წევრებზე ინფორმაცია, სუს-ის უფროსმა უპასუხა - "თუ შევხედავთ, დღევანდელ დღეს რაც მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს დღეს საქართველოში, ამხელა, 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან". გომელაურმა აღნიშნა, რომ პროკურატურა იტყვის - რა კვალიფიკაციას მიანიჭებს საქმეს.

სუს-ის უფროსმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული სამოქალაქო პირია. 

"ეს არის არასწორი ინფორმაცია. გავრცელებულ კადრებში, გარდაცვლილი იყო იმ ჯგუფის წევრი, ვისთანაც 18-საათიანი ბრძოლა გვქონდა" - თქვა გომელაურმა.

სუს-ის ინფორმაციით, "სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი“.

ჩატარებული სპეცოპერაციის ქრონოლოგია:

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 22:00-23:50 შუალედში დაიწყო. თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ტაბულასთან საუბარში არ ადასტურებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი საათის შემდეგ, დაახლოებით ღამის 01:00-ზე დაადასტურა მიმდინარე სპეცოპერაცია. ამ დროისთვის ცნობილი იყო, რომ პირები, რომელთა დაკავებაც სუს-ს სურდა, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ. სუს-ის განცხადებით, "პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს". უსაფრთხოების სამსახური ასევე განმარტავდა, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყო.

დაახლოებით დილის 04:00-სთვის, სამართალდამცველებმა იმ სადარბაზოს მცხოვრებლებს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, სახლები დაატოვებინეს, რის შემდეგაც, შტურმი დაიწყეს. ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსში გათიშეს გაზი და ელექტროენერგია.

დაახლოებით დილის 08:00-ზე, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა. 

10:00-სთვის, სპეცოპერაციის ადგილზე, კვლავ სროლის და აფეთქებების ხმა ისმოდა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ, ძლიერი კვამლი ამოდიოდა. რამდენიმე ბინაში ცეცხლი გაჩნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირებმა, ვისი დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობდა, ბინიდან ხელყუმბარები ისროლეს. აქედან მალევე გახდა ცნობილი, რომ დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

11:00-სთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეიყვანეს. ასევე, მობილიზდა სამართალდამცველების დამატებითი ძალები.

12:00-ის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება. სუს-ის წინასწარი ინფორმაციით, "პირები, რომელთა დაკავებასაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცდილობდნენ, არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები".

სუს-ში ასევე განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან  მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.

13:00-დან, სპეცოპერაციის ადგილზე სროლა განახლდა. სამართალდაცველებმა შტურმი დაიწყეს, რასაც ბინაში მყოფებმა კვლავ ხელყუმბარებით უპასუხეს. რამდენიმე საათში, კორპუსში აფეთქება მოხდა. ადგილზე კვლავ ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა.

პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დუისის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ იმ ბინის მეპატრონის შვილს, სადაც დანაშაულში ეჭვმიტანილები, წინასწარი ინფორმაციით, ქირით ცხოვრობდნენ. ასევე, დუისის რწმუნებულმა თქვა, რომ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულმა პირმა "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს" თბილისში ბინა დააქირავებინა

17:00-ზე გახდა ცნობილი, რომ დილით დაჭრილი სპეცრაზმელი კლინიკაში გარდაიცვალა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ სპეცოპერაციის ადგილზე, კიდევ ერთი პირი დაიღუპა. რამდენეიმე საათის მანძილზე, უცნობი იყო, გარდაცვლილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ეჭვმიტანილი იყო თუ მშვიდობიანი მოქალაქე. მოგვიანებით, სუს-ის უფროსმა დაადასტურა, რომ მოკლული "იმ ჯგუფის წევრი იყო, ვისთანაც 18-საათიანი ბრძოლა გვქონდა".

17:30-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაცია დასრულდა. ტერიტორია დატოვა სპეცტექნიკამ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

21 კითხვა ტაბულასგან - ლაშა ბუღაძე

კომენტარები