ახმედ ჩატაევის საქმე

"ჩატაევი უდანაშაულოა და უკანონო პატიმრობაშია" - რას ამბობდა ნანუაშვილი 2012 წელს

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი

ერთ-ერთი ვერსიით, სუს-ის თანამშრომლებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, "იარმუკის ბატალიონის" უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი მოკლეს. ამ დრომდე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ერთადერთ პირს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის წარუდგინეს. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერაქტის ფაქტთან".

ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, 2012 წლის აგვისტოში დააკავეს. მას ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც, ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, რომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოხდა მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები, ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალები კვლავ გამოუძიებელია. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი არის უდანაშაულო და დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენმა ადვოკატმა მიმართა თბილისის პროკურატურას, რომ ახმედ ჩატაევისთვის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა 2012 წლის 21 ნოემბერს. სწორედ მაშინ გაუგზავნა ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმის თაობაზე მიმართვა გაეროს უკანონო დაკავებების სამუშაო ჯგუფსა და გაეროს რამდენიმე სპეციალურ მომხსენებელს.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. 2013 წლის დასაწყისში კი, მის წინააღმდეგ საერთოდ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ახმედ ჩატაევი, ამის შემდეგ, საქართველოდან წავიდა და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ISIS-ს შეუერთდა.

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცელი ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პირველმა არხმა "სუზუკი ვიტარას" მარკის 20 ახალი ავტომანქანა შეიძინა

კომენტარები