ვანო მერაბიშვილის საქმე

მოყვება თუ არა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის გათავისუფლება?

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დღეს, 28 ნოემბერს ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ქვედა პალატის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

ვანო მერაბიშვილის საქმე არის ევროსასამართლოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც დიდმა პალატამ პირის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. არამართლზომიერი მოტივით პირის დაკავებისათვის კონვენციის დარღვევა კი, მერაბიშვილის საქმემდე, სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 6 პირის მიმართ ჰქონდა დადგენილი.

ეს შემთხვევებია: ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ, ლუცენკო უკრაინის წინააღმდეგ, მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ჩაბოტარი მოლდოვის წინააღმდეგ და გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ. ფორმალური სტატუსების მიუხედავად, ექვსივე საქმის განმცხადებელს აქტიური შეხება ჰქონდა პოლიტიკურ ცხოვრებასთან, თუმცა მათგან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების უკანონო მოტივს მხოლოდ სამი საქმე ეხება - ტიმოშენკოს, ლუცენკოსა და მამადოვის.

მე-18 მუხლის დარღვევის დადგენა ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია და მას მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. მაგალითად, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისა და თანამდევი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, პატიმრობიდან შეწყალებით გაათავისუფლა იური ლუცენკო. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის რადამ ევრომაიდნის დღეებში ასევე გაათავისუფლა იულია ტიმოშენკო. ერთადერთი, ვინც დღემდე პატიმრობაში რჩება, აზერბაიჯანელი ილგარ მამადოვია.

დანარჩენები, ვლადიმერ გუსინსკი, მიჰაილ ჩებოტარი და რასულ ჯაფაროვი ევროსასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. თუმცაღა, რომ გუსინსკის შემთხვევაში, გათავისუფლებამდე მას ხელი მოაწერინეს დოკუმენტისთვის, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია MTV ჩამოერთვა. 

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ევროსაბჭოს აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა კომიტეტი სტანდარტულად პირის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს ხელისუფლებას. მინისტრთა კომიტეტის მორიგი შეხვედრა 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. 

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სახელმწიფოს მის გათვალისწინებას ავტომატურად არ ავალდებულებს, თუმცა გამომდინარე მძიმე პოლიტიკური შედეგებისა, ოპონენტების თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, დაადგება თუ არა ქვეყანა "იანუკოვიჩიზაციის" გზას.

კომენტარები