მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ უკრაინას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას მოუწოდებს, პატივი სცეს კანონის უზენაესობას. სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშშ თვალყურს ადევნებს სიტუაციას.

"ჩვენ მჭიდრო კავშირი და კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა კიევის ქუჩებში. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდოს ძალადობას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას და საერთაშორისო ვალდებულებებს.

მომხდარის დეტალებში არ შევდივართ, ამისკენ უკრაინის მთავრობას მივუთითებთ. მაგრამ უკრაინის მთავრობას და ჩვენ აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, ისევე როგორც სხვა მთავრობების შემთხვევაში, რომ როდესაც ვიღაცას აკავებენ, ეს უნდა მოხდეს როგორც ქვეყნის კანონის და რეგულაციების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს რამდენიმე საათით კიევში დააკავეს. სპეცრაზმის წევრებმა ის სახლის სახურავიდან აიყვანეს, თუმცა, სააკაშვილის მომხრეებმა ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც, პოლიციამ ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრა.

რამდენიმე საათში, აქციის მონაწილეებმა სააკაშვილი პოლიციის მანქანიდან გადმოიყვანეს. მათ ამის შემდეგ რადას შენობასთან გადაინაცვლეს და პეტრო პოროშენკოს გადადგომა მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას შენობასთან დარჩენას იქამდე აპირებს, "ვიდრე ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს".

ოდესის ყოფილ გუბერნატორს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას ედავებიან. უკრაინის გენერალური პროკურორის მტკიცებით, სააკაშვილმა უკრაინაში საპროტესტო აქციების გამართვისთვის დაფინანსება რუსეთისგან მიიღო. იური ლუცენკოს თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დროულად მოახერხეს კიევში "რუსული ზამთრის" მოწყობის გეგმის ჩაშლა. 

უკრინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

კომენტარები