ქალთა უფლებები

საფარი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი არ არის

0 კომენტარი
ფოტო: thestateofwomen.com

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" კვლევის მიხედვით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობასთან ბრძოლა სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ნაწილი არ არის.

"საფარმა" საჯარო, არასამთავრობო და კორპორატიული სექტორი გამოიკვლია. შედეგად კი დაასკვნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა. ინსტიტუციური მექანიზმები არასრულია, საკანონმდებლო ბაზა გამართული, თუმცა არაეფექტური.

კვლევის მიხედვით, ამ კუთხით მთავარ გამოწვევები ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მათი აგენტობის (agency) გაზრდაა.

საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქალების ეკონომიკურად გაძლიერება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, რადგან ამას არ განიხილავს თითქმის არც ერთ რელევანტურ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტში.

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, მდგომარეობა მკვეთრად გასაუმჯობესებელია. კვლევის მიხედვით, ამას წინ სხვადასხვა ფაქტორი ეღობება - კულტურული, რელიგიური თუ ეკონომიკური. ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისია, თუმცა ქალები რეალურ ცხოვრებაში სისტემურ ჩაგვრას განიცდიან და ისინი, როგორც სამუშაო ძალა, თითქმის სრულიად უგულებელყოფილნი არიან.

"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, ეკონომიკური ძალადობის აღმოფხვრა და ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა კი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. რადგან გენდერული თანასწორობის მიღწევა დიდწილად ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე გადის, განვითარებული სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ აქტორებთან ერთად, ცდილობენ, აღმოფხვრან ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა და გააუმჯობესონ ეკონომიკური გაძლიერების მრავალი ასპექტი, როგორებიცაა ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა, მიწის და სხვა საკუთრების ფლობის უზრუნველყოფა, ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი ლიდერულ პოზიციებზე, და აუნაზღაურებელი საოჯახო შრომის აღიარება", - აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, ქალები, უმეტესად მონაწილეობენ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შემუშავებულ პროგრამებში, მათი მონაწილეობა რადიკალურად მცირდება მასშტაბურ ბიზნესსაქმიანობაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქალების ეკონომიკური აქტიურობა, ისევე, როგორც მათი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვერ ცდება მენეჯმენტის საშუალო დონეს და მაღალ პოზიციებზე კაცები არიან დომინანტები.

კვლევის ავტორების აზრით, ქალების მიერ მიწის/ქონების ფლობა ეკონომიკურად გაძლიერების აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ, ის არ არის საკმარისი სოციალურ-კულტურული ნორმების დაძლევისთვის.

"პროგრამებისა და ინიციატივების ანალიზისას დადგინდა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მხოლოდ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები მუშაობდა, მაშინ, როდესაც კორპორატიულ სექტორს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების პრობლემა უდგას" - აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, კვლევამ მოიცვა 2006 წლიდან 2016 წლამდე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული 20 პროექტი. შედეგად, დოკუმენტის ავტორებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ძალისხმევა და პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, მისი მასშტაბებისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, შთამბეჭდავია. "საფარი" მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოწვევა, რაც ამ სფეროში გამოიკვეთა, ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა, რაც შედეგების მდგრადობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

რაც შეეხება კორპორატიულ სექტორს, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალთა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სუსტი წერტილი სწორედ ის არის.

"აქ გამოიკვეთა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხში გათვითცნობიერების დაბალი დონე. ამასთან, არ არსებობს კონკრეტული ინიციატივები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, სახელმწიფო კი პასიურ მიდგომას ირჩევს და ყველაფერი დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზე" - აღნიშნულია კვლევაში.

სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 52.08% ქალია.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო ამავე ასაკის კაცების მხოლოდ 22%-ია არააქტიური. რაც შეეხება დასაქმებას, დასაქმებულია კაცების 67% და ქალების 53%.

ამავე წლის მონაცემებით, ქალების საშუალო თვიური ხელფასი 731.2 ლარია, კაცების კი 1116.6 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 16-19 წლამდე დაქორწინებულთა 85% ქალია, ადრეული ქორწინება კი, როგორც წესი, ქალის სამუშაო ძალას ზღუდავს.  უმეტეს შემთხვევაში, დაქორწინებული ახალგაზრდა ქალების სამუშაო რესურსი საოჯახო შრომას ხმარდება და პროფესიული განვითარება ფერხდება.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაუსაქმებელი ქალების 18% აცხადებს, რომ მას სამსახურის და საოჯახო საქმეების შეთავსება გაუჭირდება და ურჩევნია არ იმუშაოს.

-----

"საფარმა" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კვლევა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გამოსცა.

კვლევა თვისებრივი ხასიათისაა და სამ სექტორს შეეხო - საჯაროს, არასამთავრობოს და კორპორატიულს.

კვლევა სამი ძირითადი მიმართულებით ჩატარდა: სახელმწიფო მექანიზმების, კანონმდებლობის და პოლიტიკის კვლევა გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჭრილში; სხვადასხვა დონორის მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაფინანსებული პროექტების შეფასება; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით კორპორატიულ სექტორში განხორციელებული პოლიტიკის კვლევა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები