აფეთქება ბათუმში

შსს ბათუმში მომხდარ აფეთქებას გაზით სარგებლობის წესების დარღვევის მუხლით იძიებს

ირაკლი ძნელაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქებას სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევას, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა.

უწყების ინფორმაციით, 112-ში სამსართულიანი კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ შეტყობინება დღეს, 14:44 საათზე შევიდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე​ დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები", - აღნიშნავს უწყება გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, ახვლედიანის, ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქება 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა, რომლებსაც დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ.

კომენტარები