ხანუქას დღესასწაული

პრემიერმინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული სინაგოგაში მიულოცა

მთავრობის ადმინიტრაცია

"როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები", - საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში მიულოცა.

კვირიკაშვილმა საუბრისას ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს მე მივმართო ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და ყელაზე დიდი ხნის მეგობარი ერის წარმომადგენლებს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს დღესასწაული სიმბოლურია და იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თბილისის ამ უბანში თავმოყრილია ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლობა, მაგრამ, საქართველოსთვის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ნამდვილად უნიკალურია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორ მოძმე ერს შორის უამრავი რამ არის საერთო. საერთო გვაქვს ისტორია, მათ შორის ბრძოლის ისტორიაც, როდესაც ქართველები იბრძოდნენ ებრაელთათვის და ებრაელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ ქართველთათვის. მათ შორის, ვიბრძოდით ერთმანეთის საკულტო რელიგიური ნაგებობების გადასარჩენადაც. და ეს ისტორიები ყველას ახსოვს. ეს ისტორიები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს ორ ერს შორის მეგობრობის ძალიან ძვირფას წიგნში, რომელსაც როგორც ებრაელები, ისევე ქართველები გულში ინახავენ. მინდა, გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ნამდვილად ჩვენ ყველას გვიხარია. როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები. ჩვენ გამოწვევებიც საერთო გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის ყველაზე ძვირფასი ფურცლები კიდევ მომავალში დაიწერება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით იერუსალიმიდან მიმართა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერმინისტრმა ხანუქას დღესასწაული მიულოცა.

 

კომენტარები