აშშ

მაკმასტერი: თურქეთმა და კატარმა რადიკალური ისლამიზმის სპონსორის როლი მოირგეს

AP

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, გენერალმა ჰერბერტ მაკმასტერმა კატარის და თურქეთის მიერ ექსტრემისტული ისლამისტური იდეოლოგიის მთავარი სპონსორების როლის მორგება დაგმო.

"რადიკალური ისლამისტური იდეოლოგია ყველა ცივილიზებული ხალხისათვის დიდი საფრთხის შემცველია." თქვა მან.

"ჩვენ არ ვაქცევდით სათანადო ყურადღებას მის [რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის] ქველმოქმედების, მადრასების და სხვა სოციალური ორგანიზაციების მეშვეობით გავრცელებას."

გენერალმა მაკმასტერმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციებს ათწლეულების წინ საუდის არაბეთი უჭერდა მხარს, ხოლო ამჟამად ამ როლს მეტწილად კატარი და თურქეთი ასრულებენ.

მისი თქმით პრობლემები, რაც თურქეთს ბოლო პერიოდში დასავლურ სამყაროსთან მიმართებაში შეექმნა მეტწილად რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის აღზევების ბრალია. "სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედებით ისინი აერთიანებენ ძალას ერთ პარტიაში და სამწუხაროდ ეს არის ის პრობლემა, რაც თურქეთის დასავლეთისაგან დაშორებას უწყობს ხელს." თქვა მან.

მაკმასტერის თქმით ტრამპის ადმინისტრაცია მოწოდებულია ხელი შეუშალოს ექსტრემისტული იდეოლოგიების გავრცელებას და დაფინანსებას და ხაზი გაუსვა იმ ცენტრის მნიშვნელობას, რომელიც დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში ვიზიტისას დაფუძნდა. "დიდი პრობლემაა, როდესაც რადიკალური ისლამისტური იდეოლოგა ხიდს გადებს პოლიტიკურ ისლამთან დასაკავშირებლად." თქვა მან.

მაკმასტერმა ირანზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია სირიაში მათი მადესტაბილიზებელი აქტივობების წინააღმდეგ მუშაობა ისევე, როგორც ატომურ იარაღზე მათი წვდომის შეჩერება. მისი თქმით სანქციები უნდა გასცდეს ბირთვულ შეთანხმებას და შესაბამისად უნდა მიატოვონ ბარაკ ობამას მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ კორეაზე საუბრისას გენერალმა მაკმასტერმა განაცხადა, რომ აშშ მიზნად არ ისახავს რეჟიმის შეცვლას და რომ მათი მიზანი ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაა.

მაკმასტერი რუსეთის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ აშშ-ს "რუსეთისაგან საფრთხე ემუქრება, რომელიც ახალი თაობის ომის წარმოებას მოიცავს."

"ესენია დეზინფორმაციის, პროვოკაციების და პროპაგანდის ძალიან ჩახლართული კამპანიები, რომლებიც რამდენიმე დომეინზე მომუშავე კიბერ-ხელსაწყოებს იყენებს იმისათვის, რომ ეცადოს ჩვენი საზოგადოების შიგნიდან დაყოფას."

ამ თემებზე მაკმასტერმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ვაშინგტონში ისაუბრა და ასევე თქვა, რომ დონალდ ტრამპი უახლეს ევროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ორშაბათს წარადგენს.

მისი თქმით პრიორიტეტი ოთხ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს მიენიჭება. ესენია: სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა, ამერიკის კეთილდღეობის განვითარება, ძალის მეშვეობით მშვიდობის შენარჩუნება და ამერიკის გავლენების გაზრდა.

კომენტარები