მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩებმა მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკეს

UNIAN

უკრაინაში აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ ოქტომბრის სასახლის აღების მცდელობას გამოეხმაურნენ. 

უკრაინაში კანადის ელჩმა რომან ვასჩუკმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ "საჯარო შენობების აღებისა და განადგურების მცდელობა მშვიდობიანი პროტესტის უფლების კანონით ბოროტად სარგებლობაა". 

მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში ვასჩუკის ციტატა გამოიყენა და დაპოსტა, რომ ის სრულად ეთანხმება თავის კოლეგას. იგივე განმეორდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემთხვევაშიც. 

გუშინ, 17 დეკემბერს, კიევში გამართული "მარში იმპიჩმენტისთვის" შემდეგ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინაში ოპოზიციური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, კიევში მდებარე "ოქტომბრის სასახლეში" შესულიყვნენ და იქ შტაბი მოეწყოთ.

აქციის მონაწილეები სასახლეში არ შეუშვეს და მათ სამართალდამცავებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. უკრაინული УНИАН-ის ცნობით, შეტაკებების შედეგად 32 სამართალდამცავი დაშავა. გამოცემის ცნობით, მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

საბოლოოდ, სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ოქტომბრის სასახლეში შესვლა ვერ შეძლეს. ექსპრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, უზენაეს რადასთან გადაენაცვლათ და თქვა, რომ მათი გზა "ძალადობა არ არის".

კომენტარები