ენერგეტიკა

საქართველოში ბუნებრივი აირის მოპოვება 42%-ით შემცირდა

theenergycollective.com

2016 წლის განმავლობაში საქართველომ 6.6 მილიონი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი მოიპოვა, რაც 2015 წელთან შედარებით 42%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმაზე ათასჯერ მცირეა, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მეშვეობით თურქეთში გადის.

საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ. კუბ. მ-ს აღწევდა.

რაც შეეხება თავისუფალ გაზს, მისი მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით, თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა ასევე ნინოწმინდის უბანზე, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს. ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე მომყოლ გაზს მოიპოვებს ”ბლეიკ ოილ ენდ გეზის” შვილობილი ”ნინოწმინდის ნავთობის კომპანია”. ასევე, ინდური კომპანია ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია” XIB სალიცენზიო ბლოკზე, ნავთობის მოპოვებასთან ერთად მომყოლ გაზსაც მოიპოვებს. გაზის ჰიდრატების ძებნა-ძიების სამუშაოებს შავი ზღვის შელფზე რუმინული კომპანია "მარექსინი" ახორციელებს.

სულ საქართველოში მოპოვებულია 2.8 მილიარდი მეტრ კუბი გაზი, რომლის უდიდესი ნაწილიც საბჭოთა პერიოდის მოპოვებაზე მოდის.

კომენტარები