პანკისის სპეცოპერაცია

პანკისში დაკავებულ ოთხივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

პირველი არხი

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებულ კიდევ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე რუსლან ალდამოვისთვის, ბადურ ჩოფანაშვილისა და რამაზ მარგოშვილისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებულების დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ საქმეში არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის რომ ბრალდებულებს პატიმრობა შეფარდებოდათ.

„აღკვეთის ღონისძიების შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა თითქმის 4 საათს, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს არის ძალიან მოკლე პროცესი. რაც არის იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მოსამართლეს გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. არ იყო საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ქმნიდა მაღალი ალბათობის ვარაუდს და საფუძველს, რომ ეს ადამიანები მართლა იყვნენ უშუალო კავშირში დანაშაულებრივ ჯგუფთან." - ამბობს ერთერთი ბრადებულის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილმა.

დღეს ასევე განცალკევებით ჩატარდა კიდევ ერთი ბრალდებულის,ზურაბ გორნაკაშვილის პროცესი. მასაც პატიმრობა შეეფარდა.

26 დეკემბერს გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები