Bitfury

Bitfury: მზად ვართ ელექტროენერგიის გადახდის ქვითრები გამოვაქვეყნოთ

youtube.com

Bitfury ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი განცხადებას ავრცელებს. ურუმაშვილის თქმით, კომპანია ოპოზიციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადების საპასუხოდ მზადაა კვირის ბოლომდე გამოაქვეყნოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

"ბიტფიური ჯგუფი ეხმაურება ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ სრულიად უსაფუძლო განცხადებებს. გვსურს ღიად დავაფიქსირო ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია ბიტფიური, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა (თითქმის 1 მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით "თანაინვესტირების ფონდიდან", რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა "საქართველოს ბანკისგან” (BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში. 

ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად, საქართველოში "ბიტფიური ჯგუფი” ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება, შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი. 

რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, აქაც მთელი პასუხისგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პროვილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია - მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს - კომუნალური (ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში. 

Bitfury-ის საქართველოში ეკუთვნის 18-ჰექტარიანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მასში განთავსებული ბლოკჩეინ დატა ცენტრი, სადაც ბიტკოინების მაინინგი ხდება. აღნიშნული ცენტრის სიმძლავრე 40 მეგავატია. კომპანია ასევე ფლობს დაახლოებით 20 მეგავატის ცენტრს გორში.

საქართველოს მთავრობამ Bitfury-ის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 2015 წელს თბილისის მახლობლად გადასცა 18 ჰექტარის მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. გადაცემიდან რამდენიმე თვეში მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა, რითიც ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში არსებული ყველა ტიპის გადასახადისგან პრაქტიკულად სრულად გათავისუფლდა. მთავრობამ ამავე დადგენილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საზღვრების მონიტორინგი და მის შესასვლელში საბაჟო პუნქტის მოწყობა დაავალა.

ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებიდან მალევე, 2015 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ენერგომოხმარება 40 მეგავატით გაიზარდა, რისი მიზეზიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანია BitFury-ის დატა ცენტრის გახსნა იყო. 

ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კომპანია საქმიანობას სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ახორციელებს არის ის რომ მას დენის ტარიფის შემადგენელი დღგ-ს გადახდა არ უწევს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვებგვერდის მიხედვით, ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია. 

გადასახადები, რომელთა გადახდაც Bitfury-ის დატა ცენტრს არ უწევს: 

  • მოგების გადასახადი - 0%
  • იმპორტის გადასახადი - 0%
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში
  • ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის გათავისუფლებულია დღგ–ს გადახდისგან (მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაც)
  • ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ–გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით
  • საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან

Bitfury-ის შესახებ

Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემუბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავისმხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკის" მეშვეობით. ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას სახელწოდებით "ბი ეფ დი სი ჯორჯია."

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს. Bitfury მისი დატა ცენტრების მეშვეობით სხვა კომპანიებისთვის სერვისის გაწევასთან ერთად ბიტკოინსაც გამოიმუშავებს. კომპანია საქართველოში: გორსა და თბილისში ფლობს ბლოკჩეინის ორ დატა ცენტრს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 60 მეგავატია. კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. 2016 წლის აპრილში Bitfury-იმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოაწერა ქონების რეგისტრაციის საპილოტე პროექტის დაწყებას. პროექტის შედეგად, საკუთრების შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრში შენახული მონაცემების ბლოკჩეინში რეგისტრირება ხდება. ოფიციალური მონაცემებით, 200 000-ზე მეტი დოკუმენტი საკუთრების შესახებ უკვე Bitfury -ის ბლოკჩეინში არის შენახული. კომპანია დატა ცენტრებს ასევე ფლობს კანადასა და ისლანდიაში.

კომენტარები